არჩილ თალაკვაძე - რაც არ უნდა წეროს გიორგი კანდელაკმა, საქართველოში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები ევროპელებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ
ჩვენთვის ღიმილის მომგვრელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული რამდენიმე ჟურნალისტი ცდილობს, საქართველოს ევროპულ გზაზე შავი კატა გაატაროს, ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რეალურად ეს არის ევროპარლამენტის დასკვნა, რომელიც ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კლერ მუდიმ გააკეთა ევროპარლამენტის წინაშე და მასში ცალსახად საქართველოს ევროპული რეფორმები დადებითად არის შეფასებული.
„ჩვენთვის ღიმილის მომგვრელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული რამდენიმე ჟურნალისტი ცდილობს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე შავი კატა გაატაროს, ეს არ გამოუვათ. სინამდვილეში არის პოზიტიური შეფასებები ასოცირების ხელშეკრულებასთან და საქართველოს რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ და საქმიანი შედეგები აისახება ამ ანგარიშში. დამიჯერეთ, რაც არ უნდა წერილები წეროს გიორგი კანდელაკმა, საქართველოში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები შეუმჩნეველი ევროპელებს არ დარჩებათ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.
გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მამიკინსის შესახებ მწვავე განცხადებები გააკეთეს. კერძოდ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა – “ანდრეს მამიკინსი, პირდაპირ არის შემჩნეული ლატვიის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ისეთ ქმედებაში, როგორიც არის მაგალითად ბატონ ასადთან შეხვედრა. ასადი ვინ არის, რა გააკეთა ბოლოს საქართველოსთვის, ესეც კარგად უნდა გესმოდეთ”.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა მამიკინსი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მამიკინსის მომზადებულ ანგარიშს სუსტი უწოდა და მასში საქართველოს მიმართ კრიტიკული შესწორებების შეტანა მოითხოვა.
ევროპარლამენტარმა, ანდრეს მამიკინსმა ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიუსელში კომენტარი პირველ არხთან გააკეთა. „ქართველები ჩემი მეგობრები არიან. მე თქვენ გგულშემატკივრობთ და თქვენს ევროპულ მომავალს ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა მამიკინსმა.