არჩილ თალაკვაძე - პატივს ვცემთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, პარტნიორების რეკომენდაციებს, ამიტომ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ „ოდირის“ მისიასთან
პირობას გაძლევთ, პარლამენტში შედგება მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიული სტანდარტის განხილვები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშთან დაკავშირებით კომენტირებისას.
მისი თქმით, ცალსახაა, რომ მოსამართლეთა არჩევისა და მათი დასახელების პროცესში საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში არანაირი კანონმდებლობა.
„ეს ასე იყო გასულ წლამდე. დღეს პარლამენტმა შექმნა ასეთი კანონმდებლობა, განსაზღვრა წესები, თუ როგორ ხდება კონკურსის ჩატარება, მათი დასახელება. დღეს უკვე სია არის წარმოდგენილი პარლამენტის წინაშე. მე პირობას გაძლევთ, რომ პარლამენტში შედგება მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიული სტანდარტის განხილვები თითოეულ კანდიდატურასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ექნება ამომწურავი ინფორმაცია. დაისმება ყველა მნიშვნელოვანი კითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწვეტილებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი პატივს სცემს პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს და უფრო აქტიურად იმუშავებს ეუთო/ოდირის მისიასთან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას და პატივს ვცემთ, ჩვენი პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ეს არის უდავო, ამიტომ ჩვენ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ეუთო-ს/ოდირის მისიასთან, რომ ამ პროცესის საპარლამენტო ნაწილი და მისი დადებითი მხარეები მაქსიმალურად იყოს მათთან მიტანილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშის თანახმად, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა.