ODIHR - საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა
ODIHR - საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშის თანახმად, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა.

როგორც ანგარიშშია მითითებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა.

ოდირის“ დირექტორის, სოლრუნ გისლადოთირის განცხადებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აკვირდებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას“.

„ბოლოდროინდელი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად განუსაზღვრელი ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს პროცესის სამართლიანად, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვა, ყველაზე კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების დასანიშნად“, – აღნიშნა მან.

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგი აფასებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კანდიდატთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას საკანონმდებლო ჩარჩოსთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და აღიარებულ კარგ პრაქტიკასთან. აღნიშნულმა ანგარიშმა გამოავლინა ნომინირების პროცესში სხვადასხვა ნაკლოვანებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა საბჭოს საქმიანობა ხასიათდებოდა მწვავე შიდა უთანხმოებით, რაც ხშირად გამოიხატებოდა მტრულ დამოკიდებულებასა და მწვავე კამათში. ყოველივე ეს ქმნიდა არაპროფესიულ გარემოს.

ოდირმა“ დააფიქსირა გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებები. როგორიცაა, ღია კონკურენტუნარიანი შერჩევის პროცესის დანერგა, რაც იძლევა საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილების საშუალებას და წარმოადგენს საქებ ნაბიჯს საქართველოში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ასამაღლებლად. თუმცა, „ოდირის“ საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი.

კანდიდატთა საჯარო გასაუბრების პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ წარიმართა. თუმცა წინასწარი შეტყობინება საჯარო მოსმენასთან დაკავშირებით მოკლე ვადაში ხორციელდებოდა და გასაუბრების ადგილმდებარეობა არ იძლეოდა პროცესზე დაკვირვებისა და ანგარიშის წარმოდგენის შესაძლებლობას, საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე.

გამჭვირვალობა, პროფესიონალიზმი და სამართლიანობა წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ქვაკუთხედს. თუმცა, „ოდირისმონიტორებმა დააფიქსირეს, რომ იუსტიციის საბჭომ არ დაამტკიცა გასაუბრების ჩატარების წესი ან პროცედურა, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და წესრიგი. აღნიშნული მიდგომა წარმოშობს კანდიდატთა მიმართებაში მოპყრობის არათანაბარ გარემოს და ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ „ოდირის“ წინა სამართლებრივი დასკვნა მიესალმება ღია დანიშვნის წესის პროცედურის შემოღებას და პარლამენტის ძალისხმევას გაწეროს შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დებულება, არსებული უფსკრულის აღმოსაფხვრელად. თუმცა, აგრეთვე დაფიქსირდა რამდენიმე
არსებითი ხარვეზი, მათ შორის შერჩევის პროცესში გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას გადაწყვეტილებების უტყუარობა და ობიექტურობა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე. „ოდირის“ გუნდმა მუშაობა   2019 წლის 29 ივნისს დაიწყო. სამუშაო მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემოკლებულ სიაში შეყვანილი, 49 კანდიდატის გასაუბრების მონიტორინგსა და საქმიანობასთან დაკავშირებულ შეხვედრებს.

ამასთან, „ოდირის“ მონიტორები პარლამენტში კანდიდატთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას განაგრძობენ და რეკომენდაციებით საბოლოო ანგარიშს ნომინირების პროცესიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ გამოაქვეყნებენ.