არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ოპოზიციაში ყოფნით თუ დაიღალა, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ბოიკოტი პრობლემას უქმნის პარლამენტის სრულფასოვან საქმიანობას
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ოპოზიციაში ყოფნით თუ დაიღალა, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ბოიკოტი პრობლემას უქმნის პარლამენტის სრულფასოვან საქმიანობას

ოპოზიცია ოპოზიციაში ყოფნით თუ დაიღალა, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ბოიკოტი პრობლემას უქმნის პარლამენტის სრულფასოვან საქმიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, შეთანხმება შედგეს სამართლიანი პირობების გარშემო.

„ჩვენ არ მოვუხსენით მანდატები იმ დეპუტატებს, ვინც მიმართა პარლამენტს, რადგან პატივს ვცემთ ჩვენი იმ თანამოქალაქეების არჩევანს, ვინც აირჩია სხვადასხვა ოპოზიციური პარტია პარლამენტში სამუშაოდ. ჩვენ ვთვლით, რომ მათი არჩევანიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ოპოზიცია ოპოზიციაში ყოფნით თუ დაიღალა, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ბოიკოტი პრობლემას უქმნის პარლამენტის სრულფასოვან საქმიანობას. ამიტომ, ჩვენი სურვილია, შეთანხმება შედგეს სამართლიანი პირობების გარშემო, ოპოზიცია დაბრუნდეს ქუჩიდან პარლამენტში. ეს მათთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება, რადგან ბევრი საკითხია, სადაც ოპონირება არის საჭირო”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებაზე.

„ჩემთვისაც მოულოდნელი იყო გამეგო, ბოიკოტში ბოიკოტი თუ არსებობდა. როგორც ჩანს, ასეთიც არსებობს. მოლაპარაკებები მოითხოვს ნებისყოფას და ნერვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს რაც ვნახეთ – კონსტრუქციული გარემო, ძალიან საქმიანი საუბარი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. აი, ზუსტად ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა როგორც დიალოგში, ასევე პარლამენტშიც. რაც შეეხება ბატონ შალვას, მე მეტი შეფასების გაკეთებას დღეს მოვერიდებოდი, ვინაიდან ჩვენ ვართ პოლიტიკური დიალოგის პროცესში. უბრალოდ არ მსურს, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შევიტანო ამ პროცესში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა დააყენა.  შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მიერ ინიცირებული შეხვედრა, რომელსაც მმართველის პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლების ესწრებიან, პროტესტის ნიშნად დატოვა.