არჩილ თალაკვაძე - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა კითხვაზე იყო პასუხი, დიალოგზე არის მზადყოფნა, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია.
მისივე თქმით, საჭიროა, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან მოთხოვნებთან დაკავშირებით მეტი საჯარო განმარტებები გაკეთდეს.
ამასთან, როგორც თალაკვაძე აცხადებს, საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია.
„იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშნებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და მისი აშენება თვეებია, არ ხდება, როცა პრემიერმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ხელშეკრულების ექსპერტიზა ჩატარდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს პროექტი? ეს დამოკიდებულება მიუღებელია ისევე, როგორც ულტიმატუმებით საუბარი. ეს არ არის ფორმა, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს.
ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი – მეტი საჯარო განმარტება უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, ეს პროტესტი რას ემსახურება და მიმართული არის თუ არა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ? ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც პასუხები უნდა მოვისმინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გუშინ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ამასთან, ისინი დღეს 16:00 საათზე გააცხადებენ, რა მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას.