არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა ტელევიზიამ ევროპარლამენტის დასკვნაზე მოდელირებული საინფორმაციო კამპანია წარმართა, დასკვნა სინამდვილეში დადებითია
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა ტელევიზიამ ევროპარლამენტის დასკვნაზე მოდელირებული საინფორმაციო კამპანია წარმართა, დასკვნა სინამდვილეში დადებითია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა ტელევიზიამ, ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით მოდელირებული საინფორმაციო კამპანია წარმართა. სინამდვილეში, დასკვნა დადებითია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტის დასკვნაში საქართველოს ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატია და მედიის თავისუფლება დადებითად არის შეფასებული.

დეპუტატის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინისის დასკვნის ნაცვლად გააშუქა ექსპერტის დასკვნა, რომელიც ევროპარლამენტმა საბოლოოდ არ გაიზიარა

„მინდა გამოვეხმაურო იმ მოდელირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა ტელევიზიამ გააკეთა ამ დღეებში. ეს არის ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით. როდესაც ბატონმა მამიკინსმა წარადგინა ევროპარლამენტის სახელით დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში არის გაუმჯობესება დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ, გაუმჯობესება არის მედიაპლურალიზმის მხრივ, გაუმჯობესება არის საკონსტიტუციო რეფორმების თვალსაზირისით და „რუსთავი 2“-მა ეს ყველაფერი წარმოაჩინა ისე, თითქოს დასკვნა იყო სრულიად საპირისპირო და ბატონი ანდრეს მამიკინსის ნაცვლად გააშუქა ექსპერტის, ქალბატონი მიხელიძის დასკვნები, რომლებიც ევროპარლამენტმა საბოლოო ჯამში არ გაიზიარა.

ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, კერძოდ, ევროპარლამენტის დასკვნაში ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატია და მედიის თავისუფლება ქვეყანაში არის შეფასებული დადებითად“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.