არჩილ თალაკვაძე - მოვა დრო, ჩვენც მივიღებთ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას და ქართული საზოგადოებაც იქნება იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომელიც აქტუალურია ევროპაში
არჩილ თალაკვაძე - მოვა დრო, ჩვენც მივიღებთ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას და ქართული საზოგადოებაც იქნება იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომელიც აქტუალურია ევროპაში

მოვა დრო, ჩვენც მივიღებთ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებაც იქნება ზუსტად იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომლებიც დღეს აქტუალურია ევროპაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უცხოური ზეგავლენა დღეს არის გამოწვევა ევროპაში.

„ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოხატა ევროპელი ხალხის ნება, მათი დამოკიდებულებები. ცხადად გამოჩნდა, რომ განვითარებულ დემოკრატიებში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში საზოგადოებამ, მოქალაქეებმა პირდაპირ დაუჭირეს მხარი იმ პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს, რომლებიც მოქალაქეებს აძლევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებს, აძლევენ გარანტიებს უფრო ძლიერი სუვერენიტეტისთვის და აძლევენ გარანტიებს მეტი კეთილდღეობისთვის უნივერსალური ღირებულებების დასაცავად, რომელიც ევროკავშირისა და ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედია. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნების, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, არჩევნების შედეგებსაც შევხედოთ. რამდენიმე ქვეყანას მოუწია პარლამენტის დათხოვნა თუ გადადგა პრემიერ-მინისტრი. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ევროპულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დააფიქსირა დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხმა მისცა პირდაპირ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც მოქალაქეებს აძლევენ მყარ გარანტიებს და უფრო მეტ გარანტიას სუვერენიტეტის დაცვაზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, უნივერსალური ღირებულებების დაცვაზე და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, ეს არის ზუსტად ის განცხადებები და ის მიზნები, რომლებსაც ორი წლის წინაც, გასულ წელსაც და ახლაც საქართველოს ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ ეუბნებოდა თავის საზოგადოებას. მოვა დრო, ჩვენც მივიღებთ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებაც იქნება ზუსტად იმ ღირებულებების მხარდამჭერი, რომლებიც დღეს აქტუალურია ევროპაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიშანდობლივია ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, სადაც მან პირდაპირ ისაუბრა მისი ქვეყნის პოლიტიკაში უცხოეთის შესაძლო ჩარევაზე.

„აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ორი გარემოება. პირველი, ნიშანდობლივია ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, სადაც მან პირდაპირ ისაუბრა უცხოეთის შესაძლო ჩარევასა და პოლიტიკაში გარე ზეგავლენაზე მისი ქვეყნის პოლიტიკაში, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში. მაშინაც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, და ეს წერია ევროკავშირის ანგარიშებშიც, რომ პოლიტიკაში და დემოკრატიაში გარე ჩარევა, უცხოური ზეგავლენა დღეს არის გამოწვევა ევროპაში. ამას ევროპული კვლევები ადასტურებს და რაც არის პრობლემა ევროპაში, რა თქმა უნდა, ის პრობლემა და საჭიროებები არის საქართველოშიც. შესაბამისად, გავა კიდევ ცოტა დრო და მთელი საზოგადოება, ჩვენი პარტნიორებიც, საერთაშორისო საზოგადოებაც დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები იყო სწორი და ჩვენი გადაწყვეტილებები იყო რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, იყო სწორი და არანაირად არ ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ტრაექტორიას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, საქართველო განაგრძობს თავისი შიდა პოლიტიკური კურსის და საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებას.

„დილიდან ვადევნებ თვალს ოპოზიციური არხების საინფორმაციო ბადეს და არის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების მოტყუების მცდელობა, მე ამას დავარქმევდი ანტიევროპულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული გათვლები ჰქონდა და მოლოდინები ჰქონდა ევროპარლამენტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ეს არის სიცრუე, ჩვენ არანაირი პროგნოზები წინასწარ არ გაგვიკეთებია ახალი პარლამენტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გვაქვს და პატივს ვცემთ ევროპელი ხალხის, მოქალაქეების არჩევანს. რა თქმა უნდა, საქართველო განაგრძობს თავისი შიდაპოლიტიკური კურსის და საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელებას ყველა იმ პარტნიორთან და საქართველოს ნამდვილ მეგობართან ერთად, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მშვიდობა და ეკონომიკური უსაფრთხოება. განგებ გადააქვთ გაკოტრებულ რადიკალურ ოპოზიციას და მათ მიერ მართულ არხებს აქცენტი და ყურადღება ევროპარლამენტში პარტიების ახალ ბალანსსა და იმ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რაც ამ არჩევნებმა მისცა ევროპარლამენტს და ამით სურთ, გადაფარონ ის შედეგები, რომლებიც ქვეყნების მიხედვით არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.