არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება უკრაინასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება უკრაინასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება თუ მიიღება, ეს საქართველო-უკრაინას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას ძალიან დააზიანებს.

თალაკვაძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლის განმავლობაში ჩვენს ხალხს და ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობა უძღოდა წინ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას, ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის ნამდვილად გაუგებარი და მიუღებელი იქნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულმა მხარემ კონსულტაციისთვის გამოიწვია საქართველოს ელჩი უკრაინაში, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ თუ ამ კუთხით რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ  მთავარობის წარმომადგენელი ისაუბრებს.

„ელჩის საკითხი ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის პრეროგატივა, შესაბამისად, თუ კი რაიმე გადაწყვეტილება იქნება ამ კუთხით მიღებული, ამას მთავარობის წარმომადგენელი გაცნობებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის რადას დეპუტატმა, უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა განიხილება.