ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა რადას ერთ-ერთ ფრაქციაში ხვალისთვის არის დაგეგმილი
ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა რადას ერთ-ერთ ფრაქციაში ხვალისთვის არის დაგეგმილი

უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა განიხილება, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურაზე უკრაინის რადაში ხვალ, ფრაქციის სხდომაზე იმსჯელებენ და მიხეილ სააკაშვილის ხედვას მოისმენენ. ირინა ვერეშჩუკის თქმით, წინადადება ფრაქციამ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ოფისიდან მიიღო.

„უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა მართლაც განიხილება. ეს წინადადება პრეზიდენტის ოფისიდან მივიღეთ და ამ საკითხზე ახლა ვმსჯელობთ ფრაქცია „ხალხის მსახურში“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მონოუმრავლესობით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენზე იქნება დამოკიდებული დასრულდება თუ არა კენჭისყრა პოზიტიურად. ფრაქცია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ხვალ გეგმავს, სადაც მოვისმენთ ინფორმაციას მისი გეგმების შესახებ, თუ როგორ ხედავს ის თავს ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბარში ირინა ვერეშჩუკიმ.