არჩილ თალაკვაძე - მადლობა შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს კინოთეატრებთან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეების აქციებს ეხმაურება და სამართალდამცველებს წესრიგის დაცვისთვის მადლობას უხდის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, მათ შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, იყო სათანადო ზომები მიღებული პრევენციის თვალსაზრისით. ასევე იყო იმ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება. ვთქვით გარკვევით, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული და სახელმწიფომ ეს გააკეთა“,- განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოში 8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.
8 ნოემბერს აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.
თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეებმა აქცია გუშინაც გამართეს.ბათუმში კინოსეანსის დაწყებამდე აქციის ერთი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.