არჩილ თალაკვაძე - კომისიის საქმიანობის შედეგად დადგენილი არ არის, რომ სახელმწიფო მართლმასჯულების წინააღმდეგ მოქმედებს
არჩილ თალაკვაძე - კომისიის საქმიანობის შედეგად დადგენილი არ არის, რომ სახელმწიფო მართლმასჯულების წინააღმდეგ მოქმედებს

კ​ომისიის ფარგლებში პრაქტიკულად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მთავარ კითხვებზე საზოგადოებას პასუხები მიეღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ძირითადი შედეგებია, რომ გამოძიების პროცესში დადგინდა ხარვეზები, რომელმაც შესაძლოა, გავლენა იქონია მტკიცებულებების ხარისხზე.

ასევე, იყო კომუნიკაციის პრობლემა, როგორც დაზარალებულთან, მშობლებთან, ისე საზოგადოებასთან.

„კონკრეტული რეკომენდაციები გვაქვს და დადგენილების პროექტზე ინტენსიური მუშაობა მოგვიწევს, რომელიც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა. პროექტში იქნება ასახული იმ მუშაობის საბოლოო შედეგები, რომელიც კომისიამ გასწია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კომისიის ამოცანა იყო, დაედგინა, ხომ არ არის ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში სახელმწიფო მართლმსაჯულების წინააღმდეგ და ხომ არ აფარებს ხელს რომელიმე დამნაშავეს.

„შეიძლება ითქვას – კომისიის საქმიანობის შედეგად დადგენილი არ არის, რომ სახელმწიფო მართლმასჯულების წინააღმდეგ მოქმედებს. დადგენილია მკვლელობაში გამოვლენილი ერთი მსჯავრდებული, მეორე ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული. საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება ბოლომდე შესრულდეს. ოპოზიცია თავისი დღის წესრიგი აქვს და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ განსხვავებული მოსაზრება აქვს. მმართველმა ძალამ ყველაფერი გააკეთა, რომ კომისიაში უმრავლესობა ოპოზიციისთვის მიეცა, რათა ვინმეს მიმართ სახელმწიფოს და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ხელის დაფარება გამორიცხულიყო“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კენჭისყრაზე ასევე დააყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი წავიდა.