არჩილ თალაკვაძე - გიორგი კანდელაკი ცდილობს, საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას, არ გამოუვა
არჩილ თალაკვაძე - გიორგი კანდელაკი ცდილობს, საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას, არ გამოუვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნით სხდომაზე ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ანგარიშში არის პოზიტიური შეფასებები და საქართველო წარმატებით ასრულებს იმ რეფორმებს და საშიანო დავალებებს, რაც ნაკისრი აქვს აღნიშნული ხელშეკრულებით.

მისივე განცხადებით,  ოპოზიციის ნაწილმა ანგარიში ისე გადაუთარგმნა საზოგადოებას,  თითქოს მასში ნეგატიური შეფასებებია მოცემული.

„სინამდვილეში ისინი საუბრობდნენ ერთ ანგარიშზე და აშუქებდნენ სრულიად განსხვავებულ მოსაზრებას, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული მოსაზრება. რაც შეეხება ევროპარლამენტის ოფიციალურ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზე შეფასებებია მოცემული და რომელიც ევროპარლამენტის ეგიდით ბრიტანელმა პოლიტიკოსმა კლერ მუდიმ წარადგინა ევროპარლამეტში, შესაბამის ფორმატში. ამ ანგარიშში ცალსახად არის მოცემული პოზიტიური შეფასებები საქართველოში ბოლო წლებში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე. კერძოდ, წერია, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს იმ რეფორმებს და საშინაო დავალებას, რომელიც აქვს ევროინტეგრაციის კუთხით ამ ასოცირების ხელშეკრულებაში მოცემული. წერია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში ძლიერდება, წერია, რომ რეფორმები წარმატებით ხორციელდება, ასევე წერია ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცესთან გვაახლოებს და საბაზრო ეკონომიკასთან გვაახლოებს. ასევე წერია სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტებების შესახებ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული დასკვნა არის პოზიტიური.

„კიდევ ერთხელ სახელი უნდა დაერქვას იმას, როდესაც ბატონი გიორგი კანდელაკი გამოდის ტელევიზიით ან მიმოწერით და ცდილობს, საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას. არ გამოუვა. საქართველოში რაც კეთდება შეუმჩნეველი არ დარჩება. პროგრესი, რომელიც არის, გამოწვევები, რომელიც ასევე რჩება ჩვენი საზოგადოებისთვის, არ დარჩება შეუმჩნეველი, რადგან ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად,  არა ჩუმად და დამოუკიდებლად. შესაბამისად, ყველას, განსაკუთრებით ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, როდესაც საქართველოს ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე – ასოცირების ხელშეკრულება ნამდვილად ასეთი საკითხია –  უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია, რომელიც საჯარო და ჩვენი ქვეყნის ინტერესს შეესაბამება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ 30 აგვისტოს ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.