არჩილ თალაკვაძე - არ არის გამორიცხული, დავით სერგეენკომ „ქართული ოცნების“ მომავალ პოლიტიკურ გუნდში გამორჩეული ადგილი დაიკავოს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ „ქართული ოცნების“ მომავალ პოლიტიკურ გუნდში გამორჩეული ადგილი დაიკავოს.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, დავით სერგეენკო კარგი მინისტრი და ძლიერი პოლიტიკოსია, რომელიც ამ პოზიციაზე მუშაობას დადებითი შეფასებით ასრულებს.
„მან ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ჩვენი მხრიდან მოლოდინია, რომ ის იქნება ჩართული „ქართული ოცნების“ ახალი პროგრამის ჩამოყალიბებაში. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მომავალ პოლიტიკურ გუნდში გამორჩეული ადგილი დაიკავოს. ამ საკადრო გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები გვქონდა. დავით სერგეენკო კარგი მინისტრი და ძლიერი პოლიტიკოსია, რომელიც ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ 2020 წლის პოლიტიკური პროგრამის მომზადებაში პირადად იქნება ჩართული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის თითოეული წევრის პოზიციაა, რომ თანამდებობა თვითმიზანი არ არის.
„არ არის განცდა, რომ ეს არის მუდმივი. ყველა პოზიციაზე მუშაობას აქვს დასაწყისი და დასასრული. დავით სერგეენკოს საქმიანობა იყო ხანგრძლივი და გამორჩეული, რომელიც დასრულდა ამ პოზიციაზე, მაგრამ ველით, რომ პირდაპირ იქნება ჩართული პროგრამის შემუშავებასა და მომავალ გუნდში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. მას დიდი გამოცდილება და ავტორიტეტი აქვს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა. სერგეენკო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად ინიშნება.