არჩილ მესტვირიშვილი - ჭარბვალიანობის ძირითადი პრობლემა არასაბანკო სექტორიდან წამოვიდა
არჩილ მესტვირიშვილი - ჭარბვალიანობის ძირითადი პრობლემა არასაბანკო სექტორიდან წამოვიდა

ჭარბვალიანობა ფინანსური სტაბილურობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა დაკრედიტების მაღალი ზრდა სამომავლო პრობლემის რისკებს ქმნიდა, ამიტომ პრევენციული ნაბიჯები მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭარბვალიანობის თემა კომპლექსური საკითხია.

„ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა მთავრობასთან ერთად აქტიურად დავიწყეთ 2016 წლის მეორე ნახევრიდან, რამდენიმე ნაბიჯი 2016 წლის ბოლოსვე გადაიდგა. წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი კი,  ჭარბვალიანობისგან თავის არიდების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო, იყო ის, რომ  ეროვნულ ბანკს  უფლება მიეცა ზედამხედველობა არასაბანკო სექტორსაც გაუწიოს.

ჭარბვალიანობის ძირითადი პრობლემა წამოვიდა სწორედ არასაბანკო სექტორიდან, რადგან ინტერნეტით ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ძალიან მარტივი გახდა, ამას მოყვა აგრესიული მარკეტინგი, რამაც საბოლოოდ, ამ პრობლემამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მაგალითად, წინა წელთან შედარებით, ონლაინ სესხების და სწრაფი დაკრედიტების კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

„თუმცა ეს არასაკმარისია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, სანამ ჭარბვალიანობა და მოსახლეობის უფლებების დაცვა უკვე მისაღებ დონეზე არ იქნება“, – განაცხადა მესტვირიშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა სესხის გამცემის მიმართ თანაბარი მიდგომა იარსებებს, რათა მსესხებელი დაცული იყოს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, დღეს ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინა.