არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში 29 მანდატს იღებს, 21 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაწილდება
ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 55.523 პროცენტი (37 289 ხმა) მიიღო.
ხმათა 44.477 პროცენტი (29 871 ხმა) აქვს ოპოზიციის კანდიდატს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელ ბორის ყურუას.
თბილისის დანარჩენ ოლქებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიპოვეს. შესაბამისად, მეორე ტურის შემდეგ, მმართველ პარტიას თბილისის საკრებულოში ათი მაჟორიტარული მანდატი ექნება.
რაც შეეხება პროპორციული მანდატების განაწილებას, თბილისის საკრებულოში ექვსი პოლიტიკური პარტია მოხვდა და მათ შორის მანდატები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება“ 19 პროპორციული მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატი, „გახარია – საქართველოსთვის“ ოთხი მანდატი, „ლელო“ ორი მანდატი, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთი მანდატს და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ერთი მანდატი.
თბილისის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. მათგან 40 პროპორციული წესით აირჩევა, 10 კი მაჟორიტარულით. არჩევნების შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ სულ 29 მანდატს იღებს (19 პროპორციული, ათი მაჟორიტარული) და უმრავლესობას ფლობს, 21 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაწილდება.