არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით კახეთში ორი ადამიანი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.
„არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი – 2001 წელს დაბადებული რ.ქ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს. ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.
გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.