არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით კახეთში ორი ადამიანი დააკავეს
არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით კახეთში ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

„არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი – 2001 წელს დაბადებული რ.ქ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს. ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.