მარნეულის მუნიციპალიტეტში ქორწინების მოტივით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქორწინების მოტივით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაულები შვიდიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.