არასამთავრობოებმა განცხადების ტექსტი, რომლითაც გიორგი გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადებას მიესალმებოდნენ, შეცვალეს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც „ქართული მარშის“ ქმედება დაგმო, თუმცა განცხადების ტექსტიდან ამოიღო ის ნაწილი, რომლითაც მიესალმებოდნენ ტელეკომპანიის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებას, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე.
„ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან „ქართული მარშის“ წარმომადგენლების მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს.
სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.
ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
იმავდროულად, მისასალმებელია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე“, – ნათქვამი იყო განცხადების თავდაპირველ ვერსიაში.
ტექსტს ხელს აწერდნენ ორგანიზაციები:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)
საზოგადოება და ბანკები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
მოგვიანებით ISFED-ის ხელმძღვანელმა, მიხეილ ბენიძემ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია არ ეთანხმება გიორგი გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების ფაქტის მხარდაჭერას და კოლეგა ორგანიზაციებს ხელმომწერთა სიიდან „სამართლიანი არჩევნების“ ამოღება სთხოვა.
„მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო „რუსთავი 2-ზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებაზე. განცხადების მთავარი მიზანი იყო, სასწრაფო რეჟიმში დაგვეგმო ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი. სიჩქარეში, ბოლო წინადადების ტექსტი გავიდა ისეთი ფორმულირებით, რასაც მე და ორგანიზაცია, რომელსაც წარმოვადგენ, არ ვიზიარებთ. „სამართლიან არჩევნებს“ მომზადებული აქვს პოლიტიკის დოკუმენტი ამ საკითხზე, რომელიც მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება და რომელშიც მკაფიოდ არის წარმოდგენილი ჩვენი პოზიცია. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ვთხოვე კოლეგებს „სამართლიანი არჩევნები“ მოხსნან ამ განცხადების ხელმომწერებისგან. ბუნებრივია, კვლავაც, მკაცრად ვგმობთ „რუსთავი 2-ზე“ და მის ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმას“, – აცხადებს მიხეილ ბენიძე.
მიხეილ ბენიძის განცხადების შემდეგ, დარჩენილმა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადების ტექსტი შეცვალა და გაბუნიასთვის საყვედურის გამოცხადების ნაწილი ტექსტიდან საერთოდ ამოიღო.