არასამთავრობო სექტორი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
არასამთავრობო სექტორი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტის, მარიამ მხატვარის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ირაკლი შავაძის მხრიდან, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საფუძველის გასარკვევად, აუცილებელია, დაიწყოს გამოძიება.

მისი თქმით, მესამე სექტორმა აღნიშნული თხოვნით უკვე მიმართა შესაბამის ორგანოს.

„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოუსმინა ორივე მხარეს, თუმცა ამ შეხვედრას არანაირი სამართლებრივი ფორმა არ გააჩნდა და უბრალოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. ამ შეხვედრის შემდეგ, უნდა დავაკვირდეთ, რა პროცესი წარიმართება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოიკვლევს ოროიე მხარის მიერ მითითებულ გარემოებებს და პარალელურად, აუცილებელია გამოძიების დაწყება“, – განაცხადა მარიამ მხატვარმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ირაკლი შავაძესა და დავით მამისეიშვილს მოუსმინეს.