არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩათვლიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შრომით უფლებებს არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, პროცესის მიზანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და უკონკურსოდ, ახალი კადრებით დაკომპლექტებაა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლიკა საჯაიამ აღნიშნა, ჩნდება ეჭვი, რომ კანონი მიღებულია სწორედ იმიტომ, რომ ახალმა პრეზიდენტმა თავად დააკომპლექტოს საკუთარი კადრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაშიც ძალიან ცუდ ტენდენციას ქმნის და ადმინისტრაციის თანამშრომლებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე მიბმულს გახდის.

„ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირის სამსახურში აყვანა ნიშნავს, რომ უკონკურსოდ მოხდება ამ პირების სამსახურში აყვანა, მათი ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ვადა იქნება მიბმული პრეზიდენტის ვადაზე. ამ ცვლილებით 100-ზე მეტი ის ადამიანი, რომელიც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს და რომელიც არის საჯარო მოსამსახურე, შეიძლება დარჩნენ სამსახურის გარეშე ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. ეს კანონი ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმას, რომლის მიზანიც იყო შეგვექმნა პროფესიულ საწყისებზე დაფუძნებული აპოლიტიკური და ინსტიტუციურად მდგრადი საჯარო სამსახური”, – განაცხადა ლიკა საჯაიამ.