არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო გარემოს შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებენ
„საიას“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში საუბარია პარტიების დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების,აგიტაციისა თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კუთხით კონკრეტული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე.
კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, გაუქმდეს ფრაქციის შექმნის გამო დამატებითი 300,000 ლარის მიღების შესაძლებლობა, რაც მათი თქმით, სახელმწიფო დაფინანსებით მანიპულირების საშუალებას ქმნის.
ორგანიზაციები დაფინანსების, სარეკლამო დროისა თუ სხვა სარგებელის მიღების მიზნით საარჩევნო ბლოკების ხელოვნურად შექმნის თავიდან ასაცილებლად მთავრობას ასევე სთავაზობენ, რომ საარჩევნო ბლოკებმა მიიღონ იგივე სარგებელი, რასაც არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პარტიები იღებენ.
კიდევ ერთი საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნის წესის ცვლილებას ეხება. დოკუმენტზე დაყრდნობით, ამ უფლებით უნდა ისარგებლოს ბოლო საერთო პროპორციულ არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელთაგან თითოეული კომისიაში თავის წევრს დანიშნავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები დოკუმენტში აგიტაციის რეგულაციების საკითხსაც შეეხნენ. მათი თქმით , საარჩევნო კოდექსში უნდა დაკონკრეტდეს აგიტაციის ცნება, რომელიც სოციალური ქსელის პირადი გვერდის საშუალებით პოლიტიკური მოწოდების გავრცელებასაც უნდა მოიცავდეს. ასევე უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დასწრებას, რაც გაუგებრობის აღმოფხვრას ემსახურება.
ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კეთდება საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისას პასუხისმგებლობების გამიჯვნაზეც, რომელიც არასამთავრობოების აზრით, უნდა დაეკისროს იმ პირს, ვინც მის აგიტაციაში მონაწილეობას უზრუნველჰყოფს.
დოკუმენტში საუბარია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რისკების მინიმუმამდე დაყვანა , რაც მათი აზრით პარტიული საქმიანობისა და საჯარო სამსახურის მკაფიო გამიჯვნით უნდა მოხერხდეს. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს უნდა აეკრძალოს აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათებში. დოკუმენტში საუბარია საარჩევნო დავებისა და არჩევნების შედეგების შეჯამების კუთხით არსებულ პრობლემებზეც.
მესამე სექტორმა რეკომენდაციები გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგზე დაყრდნობით შეიმუშავა.
რეკომენდაციები უკვე გადაგზავნილია პარლამენტში.
მესამე სექტორის რეკომენდაციების პრეზენტაციას დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.