არამიწიერი სიცოცხლის პოვნის მთავარ გასაღებს დედამიწა ფლობს - ახალი კვლევა
დედამიწის ატმოსფეროს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ, შესაძლოა, ეგზოპლანეტებზე სიცოცხლის პოვნის გასაღები გადმოგვცეს. ამის შესახებ წმინდა ენდრიუსა და კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერები იუწყებიან.
Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა დეტალურად აღწერს, როგორ ჩამოყალიბდა დედამიწის ატმოსფერო დროთა განმავლობაში და როგორ უკავშირდება ის სიცოცხლის განსხვავებული ფორმების იერსახეს.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ასტრონომი და ასტრობიოლოგი სარა რუგჰაიმერი ხელმძღვანელობდა, შეისწავლა დედამიწის ისტორიის სხვადასხვა გეოლოგიური ეპოქა, მოახდინა ჩვენს მზეზე უფრო დიდი თუ პატარა ვარსკვლავების გარშემო არსებული ატმოსფეროების მოდელირება.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამა თუ იმ ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ჩამოყალიბების გზებისა და სიცოცხლის ნიშნების, ანუ ბიოხელწერის დაფიქსირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ფაქტორია პლანეტის დედავარსკვლავი.
კვლევა ფოკუსირდა დედამიწის ატმოსფეროს ისტორიის ოთხ სხვადასხვა ეპოქაზე: მიკრობებამდე (3,9 მილიარდი წლის წინ), მიკრობების შემდეგ, ჟანგბადის დონის პირველი აწევის (2 მლრდ წლის წინ), მეორე აწევის (800 მლნ წლის წინ) პერიოდებსა და ამჟამინდელ დედამიწაზე. ისტორიის ყოველ ამ მონაკვეთში, ჟანგბადი, მეთანი და ნახშირორჟანგი წარმოდგენილი იყო აბსოლუტურად სხვადასხვა ოდენობით.
სხვადასხვა ატმოსფეროებში სიცოცხლის განვითარების შესახებ მიღებულმა ახალმა ცნობებმა შესაძლოა, მეცნიერებს დიდი დახმარება გაუწიოს დედამიწის ზომის ეგზოპლანეტებზე ადრეული ბიოხელწერისა და სიცოცხლის ნიშნების გამოვლენაში.
„ვვარაუდობთ, რომ მზის სისტემის მიღმა ვიპოვით უთვალავ ისეთ პლანეტას, რომლებიც ჩვენს ყველაზე თამამ წარმოსახვასაც კი გადააჭარბებს. დავანებოთ მათ თავი — თუკი ჩვენი საკუთარი პლანეტის ისტორიაში ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ატმოსფერო მრავალგზის შეიცვალა დრამატულად. თუ გადავხედავთ დედამიწის ისტორიას და დავაკვირდებით, როგორ უნდა ურთიერთქმედებდნენ სხვადასხვა ვარსკვლავები თავიანთ პლანეტათა ატმოსფეროზე, შეგვეძლება შევქმნათ მოდელების მთელი სისტემა, რომლებიც დიდად წაგვადგება სამომავლო დაკვირვებებში. ამ კვლევის ფარგლებში, განსაკუთრებით გვსურდა გაგვერკვია, როგორი იყო ბიოხელწერის აირები როგორც დედამიწის ისტორიაში, ისე სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავი პლანეტების შემთხვევაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, დოქტორი სარა რუგჰაიმერი.
კვლევის დროს მხედველობაში მიიღეს სხვადასხვა სახის ღრუბლოვანი საფარი და ზედაპირის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ოკეანეები და კონტინენტები. მკვლევართა მიზანი იყო, გაერკვიათ როგორ იმოქმედებდა ეს ფაქტორები მათ მოდელებზე, მიუხედავად იმისა, რომ შორეულ ეგზოპლანეტებზე მსგავსი მახასიათებლების აღმოჩენას ესაჭიროება უმძლავრესი ტელესკოპები, რომლებიც ჯერ არ გვაქვს.
„2019 წელს გაეშვება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომლის საშუალებითაც შევისწავლით წითელი ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო მოძრავ, დედამიწის ზომის, სიცოცხლისათვის ხელსაყრელ მრავალ ეგზოპლანეტას. გარდა ამისა, 2020-იან წლებში ჩილეში ამოქმედდება ევროპის უკიდურესად დიდი ტელესკოპიც (ELT), რომელიც შორეულ ეგზოპლანეტებს პირდაპირ გადაუღებს ფოტოებს“, — განმარტავს სარა სარა რუგჰაიმერი.
მომზადებულია st-andrews.ac.uk-ის მიხედვით