არამიწიერ სიცოცხლეზე ნადირობა გრძელდება - შესაძლოა, ჟანგბადი სიცოცხლის ერთადერთი ნიშანი არ იყოს
არამიწიერ სიცოცხლეზე ნადირობა გრძელდება - შესაძლოა, ჟანგბადი სიცოცხლის ერთადერთი ნიშანი არ იყოს

არამიწიერ სიცოცხლეზე მონადირეებმა ღია გონება უნდა შეინარჩუნონ, როდესაც ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს ასკანირებენ. ამის შეახებ ახალ კვლევაში წერია.

მკვლევართა ჯგუფის წევრთა თქმით, დროში გამოცდილი სტრატეგია ჟანგბადის საძებნელად, უდავოდ კარგია; მიჩნეულია, რომ პლანეტის ატმოსფეროში ამ გაზის არსებობა სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი ნიშანია.

„მაგრამ არ გვსურს, ყველა კვერცხი ერთ კალათში ჩავდოთ“, — აღნიშნავს განცხადებაში კვლევის ავტორი, სიეტლის ვასინგტონის უნივერსიტეტის დედამიწისა და კოსმოსურ მეცნიერებათა პროგრამის დოქტორანტი, ჯოშუა კრისანსენ-ტოტონი.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიცოცხლე კოსმოში საკმაოდ გავრცელებულია, წარმოდგენა არ გვაქვს, იქნება თუ არა ეს სიცოცხლე, რომელიც ჟანგბადს გამოიმუშავებს. ჟანგბადის წარმოების ბიოქიმია ძალიან კომპლექსურია და შესაძლოა, საკმაოდ იშვიათიც იყოს“, — განმარტავს ტოტონი.

აქედან გამომდინარე, მან და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს უფრო ფართო ხედვა; დედამიწის ისტორია შეისწავლეს იმ გაზების კომბინაციის იდენტიფიცირებისთვის, რომლებზე სამომავლო დაკვირვებაც სიცოცხლის ძლიერი მტკიცებულება იქნება. იგულისხმება დაკვირვებები NASA-ს ამჟამად მშენებარე ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით. მათი აზრით, საუკეთესო კანდიდატებია მეთანი (CH4) და ნახშირორჟანგი (CO2), ნახშირბადის მონოქსიდის ყოველგვარი არსებითი ოდენობის გარეშე.

როგორც მათი ქიმიური ფორმულები აჩვენებს, მეთანს და ნახშირორჟანგს ძალიან განსხვავებული მოლეკულები აქვთ. მათი ერთად არსებობა „ატმოსფერული გაუწონასწორებლობის“ მანიშნებელია — ტერმინი, რომელიც ასტრობიოლოგებს ძალიან აღაფრთოვანებს.

„აქედან გამომდინარე, მიიღებთ ჟანგვის უკიდურეს დონეებს. ამის გაკეთება კი ძალიან ძნელია არაბიოლოგიური პროცესების შედეგად ისე, რომ ასევე არ წარმოიქმნას ნახშირბადის მონოქსიდიც, რომელიც შუალედური პროდუქტია. მაგალითად, ვულკანებიანი პლანეტები, რომლებიც ამოაფრქვევენ ნახშირორჟანგსა და მეთანს, ასევე ამოაფრქვევენ ნახშირბადის მონოქსიდსაც“, — აღნიშნავს კრისანსენ-ტოტონი.

გარდა ამისა, აქ, დედამიწაზე, მრავალი მიკრობი ხარბად სანსლავს CO-ს. შესაბამისად, ამ ნივთიერების სიუხვე პლანეტის აირებში, სიცოცხლის არარსებობის არგუმენტია რამდენიმე განსხვავებული მიზეზის გამო, აღნიშნავენ მკვლევართა ჯგუფის წევრები.

დიზეკვილიბრუმში (გაუწონასწორებლობა) ამ ნაერთთა ძებნა ახალი აზრი არაა. მაგალითად, სხვა ასტრობიოლოგები გვთავაზობენ, რომ მეთანისა და ჟანგბადის კომბინაცია ეგზოპლანეტის აირებში, სიცოცხლის ძლიერი ნიშანი უნდა იყოს.

მაგრამ ახალი კვლევა მეცნიერებს შესაძლოა დაეხმაროს, რათა დაუშვან შესაძლებლობები ჟანგბადს მიღმა, რომლის დაფიქსირებაც დედამიწის ატმოსფეროში შეუძლებელი იყო პლანეტის სიცოცხლის ისტორიის ძალიან დიდ მონაკვეთში. ამ გაზმა ჩვენს ატმოსფეროში დაგროვება დაიწყო დაახლოებით 2,5 მილიარდი წლის წინ, როცა ფოტოსინთეზი ნამდვილად დაიძრა. მეცნიერთა თქმით, მნიშვნელოვნად მაღალ დონეს ჟანგბადმა მხოლოდ 600 მლნ წლის წინ მიღწია.

„ამაღელვებელი ისაა, რომ ჩვენი შეთავაზება სრულიად დასაშვებია და შესაძლოა, წარუძღვეს არამიწიერი ბიოსფეროს ისტორიულ აღმოჩენას არც თუ ისე შორეულ მომავალში“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის დედამიწისა და კოსმოსურ მეცნიერებათა პროფესორი დევიდ კეტლინგი.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა