არაძალადობრივი მეთოდებით არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა და მისი წაქეზება დასჯადი გახდება
საქართველოში არაძალადობრივი მეთოდებით არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა და მისი წაქეზება დასჯადი გახდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება მიმდინარე კვირას მოხდა.
ცვლილებებით, პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციები პროსტიტუციის ხელშეწყობაზე. კერძოდ, პროექტით, პირის დაყოლიება პროსტიტუციაზე ან სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პროსტიტუციაში პირის მონაწილეობას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
ინიციატივის მიხედვით, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ამას გარდა, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ზემოთ აღნიშნულ ქმედებებზე იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით.