არაბთა გაერთიანებული საამიროები ითხოვს, რომ პაველ დუროვს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, საჭირო საკონსულო მომსახურებაზე წვდომა ჰქონდეს
არაბთა გაერთიანებული საამიროები საფრანგეთისგან ითხოვს, რომ „ტელეგრამის“ დამფუძნებელ პაველ დუროვთან წვდომა ჰქონდეს.
ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების წარმომადგენელმა, აფრა ალ-ჰამელიმ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.
როგორც ცნობილია, პაველ დუროვს, რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პასპორტიც აქვს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აბუ-დაბი ყურადღებით აკვირდება დუროვის საქმეს და აპირებს, სასწრაფო წესით გაუწიოს ყველა საჭირო საკონსულო მომსახურება.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ინტერესების დაცვა და მხარდაჭერის ყველა ასპექტის უზრუნველყოფა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავარი პრიორიტეტია“, – აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი 24 აგვისტოს პარიზის აეროპორტში დააკავეს. პარიზის პროკურატურის განცხადებით, დუროვი ეჭვმიტანილია „ტელგრამის“ ადმინისტრირებისას უმოქმედობაში, რაც უკავშირდება პლატფორმის მიერ ჩადენილ ფინანსურ და კიბერდანაშაულებს.
წინასწარი მონაცემებით, გამოძიება 12 სავარაუდო დანაშაულზე მიმდინარეობს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისთვის ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმაზე; არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობაზე; ნარკოტიკების გავრცელებაზე; ჰაკერობასა და თაღლითობაზე.
პროკურატურამ მილიარდერ დუროვის პატიმრობის ვადა 28 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დუროვის საქმეს პოლიტიკური სარჩული არ აქვს.
პაველ დუროვი ბოლო წლებში დუბაიში ცხოვრობდა, სადაც „ტელეგრამის“ შტაბბინაც გადაიტანა.
Forbes-ის ინფორმაციით, დუროვს, საფრანგეთის, რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობის გარდა, სენტ-კიტსისა და ნევისის მოქალაქეობაც აქვს. ამასთან, 2022 წლის მდგომარეობით, მისი რუსული პასპორტი ვადაგასულია.