არაბიძე ფორმაში შედის - ფეხბურთელმა სამი საგოლე გააკეთა

გიორგი არაბიძე ფორმაში შედის და თურქეთში გადასვლის შემდეგ, საუკეთესო თამაში ჩაატარა. პირველი ლიგის მეექვსე ტურში „ადანასპორის“ ქართველმა შემტევმა „ალტაისთან“ ყველაფერი გააკეთა, რომ გუნდს მოეგო, მაგრამ „ადანასპორს“ ვერ უშველა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი „ალტაისთან“ მოედანზე საუკეთესო იყო და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, ორი მათგანი – საჯარიმოს შესრულების შემდეგ: „ადანასპორის“ ფეხბურთელებმა გოლები ქართველის გადაცემებით მე-11, 36-ე და 68-ე წუთებზე გაიტანეს. მაგრამ ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – „ალტაიმ“ სამივე შემთხვევაში წონასწორობა აღადგინა და ქულა მაინც მოიპოვა – 3:3. 6 ტურის შემდეგ „ადანასპორი“ 6 ქულით მე-13 ადგილზეა.

გიორგი არაბიძე ფორმაში რომ შედის, ეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მის მიერ ჩატარებულ შეხვედრებშიც გამოჩნდა. ევროშესარჩევი ციკლის საწყის ორ შეხვედრაში გიორგიმ ლიხტენშტაინთან და აზერბაიჯანთან ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.