სტივ კინი - თვლიან, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა უბურთოდაც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს #1TVSPORT
სტივ კინი - თვლიან, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა უბურთოდაც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ეროვნული ლიგის პირველ ტურში „სამტრედიასთან“ გამარჯვების (4:1) შემდეგ გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი არაბიძეზე ისაუბრა. ქუთაისელთა შოტლანდიელი დამრიგებლის თქმით, 25 წლის შემტევს ძალიან დიდი პროგრესი აქვს.

„პირველი ნახევარი იდეალური იყო. მეორე ტაიმი ვერ გამოვიდა ისეთი, როგორიც გვსურდა. ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე აუცილებლად მოვუმატებთ და ვიმუშავებთ, რომ მომავალში მეორე ტაიმიც უკეთესად ჩავატაროთ.

უნდა გამოიძახონ თუ არა გიორგი არაბიძე საქართველოს ნაკრებში? მე არ უნდა მისვამდეთ კითხვას ეროვნულ გუნდში მის გამოძახებასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ ნაკრების მწვრთნელი. „ტორპედოს“ ვწვრთნი და ბოლო 7-8 თვეში მისი პროგრესით მოხარული ვარ.

შესაძლოა, ვინმე თვლის, რომ არაბიძე მხოლოდ ბურთითაა ეფექტური, თუმცა ასე არ არის. მის მონაცემებს ვუყურებთ და უბურთოდაც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. მესმის გულშემატკივრის პოზიციის და მათ ვეთანხმები, თუმცა, ვიმეორებ, მე ეროვნულ ნაკრებს არ ვწვრთნი“, – განაცხადა სტივ კინმა.

სადებიუტო შეხვედრის შემდეგ „ტორპედოს“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, დუბლის ავტორმა, ბიორნ იონსენმაც ისაუბრა: „დებიუტით კმაყოფილი ვარ. გულშემატკივარი ჩემგან გოლებს ელის და აქ ამისთვის ვარ ჩამოსული. ძალიან მომეწონა სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო. ვიცი, როგორ უყვართ ქუთაისში ფეხბურთი და მჯერა, შემდეგ მატჩებზე მეტი ხალხი მოვა. საქართველო ძალიან მომწონს, შემიყვარდა ქუთაისიც. თავს აქ კომფორტულად ვგრძნობ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს ჩემპიონობას ვიზეიმებთ“.