საფეხბურთო ტაიმაუტი | ჯაბა გუნდს უფრო გააძლიერებს - ვეტერანმა ფეხბურთელებმა ნაკრებში კანკავას დაბრუნება დადებითად შეაფასეს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ჯაბა გუნდს უფრო გააძლიერებს - ვეტერანმა ფეხბურთელებმა ნაკრებში კანკავას დაბრუნება დადებითად შეაფასეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა მოთამაშეებმა კომენტარი გააკეთეს ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრებში ირაკლი აზაროვის და გიორგი არაბიძის არგამოძახებასა და ჯაბა კანკავას დაბრუნებაზე.

ვლადიმერ გუცაევი: „დიდი დისკუსია გამოიწვია აზაროვის და არაბიძის არგამოძახებამ.  მე სანიოლის კომპეტენციაში არ ვერევი, მაგრამ გულშემატკივრის პოზიციიდან ვიტყვი, რომ აზაროვი ძალიან მომწონს და სარგებლობა მოჰქონდა. არაბიძე არ ვიცი, ნაკრებში თავს როგორ გამოიჩენდა, მაგრამ კლუბში  ძალიან ძლიერად თამაშობს და ქუთაისის „ტორპედოს“ იმედია. კანკავას დაბრუნება ძალიან კარგი ნაბიჯი იყო. ჯაბა გუნდს სჭირდებოდა“.

გიორგი ნემსაძე: „პლუს საბა ლობჟანიძე არ გამოიძახა. არაბიძეს ველოდებოდით და არ გამოიძახა. გუნდთან ბევრჯერ მიმუშავია და გარედან მესმოდა საუბარი, ვინ იქნებოდა სასარგებლო, მაგრამ მწვრთნელი ყველაზე კარგად ხედავს ფეხბურთელის გულისცემას. სანიოლის გადაწყვეტილება გამართლებული იქნება, თუ ნაკრები წარმატებას მიაღწევს. სანიოლმა აზაროვზე თქვა, რომ ბოლო სამ თამაშში მისით უკმაყოფილო იყო, არაბიძეზე – ასეთი ინტენსივობით გუნდურ თამაშში არ გამომადგებაო, ხოლო ლობჟანიძეს კვირას თამაში აქვს და ძალების აღდგენას ვერ მოასწრებსო. შედეგიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ, ეს ფეხბურთელები დაგვაკლდა თუ არა. რაც შეეხება კანკავას დაბრუნებას, 38 წლის ხდება, მაგრამ „სლოვანში“ აჩვენებს, რომ ჯან-ღონით სავსეა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილი პატრიოტია და  ამ ორ თამაშში, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევს და ჯაბასთან ერთად უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება“.

გიორგი კიკნაძე: „ჩემი აზრით, (სანიოლი) ენდო იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კონკრეტული თამაშისთვის მზად არიან და გამოცდილებზე გააკეთა აქცენტი – მე ასე ვხედავ. კანკავას ნაკრებში დაბრუნება ძალიან გამიხარდა, რადგან დიდი გამოცდილება აქვს და მისი გუნდში ყოფნაც ბევრს ნიშნავს – ის გუნდს სჭირდებოდა. ველოდები, რომ ძირითადში ითამაშებს. სანიოლს სწორედ ის სჭირდებოდა, რასაც ჯაბა წლების განმავლობაში გვაჩვენებდა – თავისი მიდგომიდან, ხასიათიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. სანიოლმა ეს სწორად დაინახა“.