სტივ კინი - პრემიერლიგაში რომ ვმუშაობდე, ინგლისში პირველს გიორგი არაბიძეს წავიყვანდი [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ფოთის „კოლხეთთან“ მოგება შეაფასა და გიორგი არაბიძის თამაში გამოარჩია.

„დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი. გიორგი ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან.

ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია“, – განაცხადა სტივ კინმა მატჩის შემდეგ.

გიორგი არაბიძე ფოთის „კოლხეთთან“ (3:2) მოგებული მატჩის მთავარი გმირი იყო. მთავარი ისაა, რომ გიორგიმ მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩენილ გუნდს ულიდერა, რომელიც 1:2-ს აგებდა. მან დუბლი შეასრულა და მესამე გოლიც მისი დარტყმის შემდეგ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი პრემიერლიგის „ქოვენთრის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ქუთაისში ჩამოსვლამდე კი შოტლანდიური „ჰიბერნიანსის“ საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობდა.