ვილი სანიოლი - არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი #1TVSPORT
ვილი სანიოლი - არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც 21 მარტს ლუქსემბურგთან გასამართი ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ლიდერი გიორგი არაბიძე არ შეიყვანა.

„არაბიძე? მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებით და შეთამაშებულობით. სულ არის კამათი, ვინ უნდა გამოვიძახოთ და ვინ – არა. არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, რადგან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ახლაც ვაკვირდებოდი, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ლიონელ მესი ერთადერთია, ვისაც აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს. იმედია, გიორგი ამას გამოასწორებს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრებში დააბრუნა „ჯვაროსნების“ ყოფილი კაპიტანი, 37 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, ასევე გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი და გიორგი წიტაიშვილი. თუმცა, სანიოლმა არ გამოიძახა ირაკლი აზაროვი და საბა ლობჟანიძე.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. საქართველო – ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.