სტივ კინი - არაბიძემ ბრწყინვალე სეზონის შემდეგ თამაშს კიდევ მოუმატა, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა #1TVSPORT
სტივ კინი - არაბიძემ ბრწყინვალე სეზონის შემდეგ თამაშს კიდევ მოუმატა, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ესპანურ შეკრებაზე „ვილიარეალის“ მეორე გუნდთან მატჩი შეაფასა და გიორგი არაბიძის თამაშზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო სამ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„რაც დღეს პირველ ტაიმში ვიხილე, შთამბეჭდავი იყო: პრესინგი, ბურთის კონტროლი. ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც დაინახეს, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით. ეს ასეც უნდა იყოს – გუნდში მოსულ ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო ყოველთვის სჭირდებათ.

ამ შეკრებიდან რისი მიღებაც გვსურდა, ის მივიღეთ – ერთმანეთი უკეთ გავიცანით, გუნდი მეტად გაიზარდა, მაგრამ ეს ბოლო შედეგი არაა, კიდევ მოვუმატებთ.

გიორგი არაბიძეს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ახლა თამაშს კიდევ მოუმატა. არ უნდა გაჩერდეს, ბევრად მეტი შეუძლია, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. მსურს, თითოეული ის მოთამაშე გამოვარჩიო, რომელმაც ჩვენთან ერთად ეს შეკრება გაიარა და თავდაუზოგავად იშრომა. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის“, – განაცხადა სტივ კინმა.