არაბეთის უდაბნოში აღმოჩენილი უძველესი სტრუქტურები გაურკვეველ ანტიკურ რიტუალებზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
არაბეთის უდაბნოში აღმოჩენილი უძველესი სტრუქტურები გაურკვეველ ანტიკურ რიტუალებზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება

შეიძლება მალე საბოლოოდ გავიგოთ, თუ რატომ ააშენეს ათასობით წლის წინ საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ უდაბნოებში ქვის ასობით დიდი სტრუქტურა.

ახალი, სიღრმისეული ანალიზების თანახმად, იდუმალ, მართკუთხა შემოზღუდულ ადგილებს ნეოლითის ხალხი გაურკვეველი რიტუალებისთვის იყენებდა, უცნობ ღვთაებებს ცხოველებს სწირავდა მსხვერპლად. გათხრების შედეგად ცხოველთა ძვლების ასობით ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომლებიც აღმართული ქვის სვეტის გარშემო იყო მიმოფანტული; ეს ქვა სიწმინდე უნდა ყოფილიყო.

მონუმენტები დაახლოებით 7000 წლის წინანდელია და მუსტატილებს უწოდებენ (არაბულად ნიშნავს მართკუთხედს); მონუმენტებმა სამეცნიერო ყურადღება 1970-იან წლებში მიიპყრეს და მას შემდეგ, არქეოლოგებს საგონებელში იყვნენ.

2017 წელს, სამეცნიერო პუბლიკაციაში პირველად მოხდა არაბეთის ნახევარკუნძულზე მათი სრული განფენილობის დოკუმენტირება. აეროვიზუალიზაციით გამოავლინეს 1600-ზე მეტი მუსტატილი; ზოგი მათგანი უდაბნოში ჯგუფებად არის მიმოფანტული.

ციდან დანახული ფორმების გამო, მუსტატილებს „ჭიშკრებსაც“ უწოდებენ. სამეცნიერო პუბლიკაციაში აღწერილია, როგორც „ქვების გროვის ორი მოკლე, სქელი, თითქმის პარალელური ხაზი, რომლებსაც ერთმანეთთან ორი ან მეტი გაცილებით გრძელი და თხელი კედელი აკავშირებს“.

შედგება ორი მოკლე, სქელი პლატფორმისგან, რომლებსაც გაცილებით გრძელი ორი დაბალი კედელი აკავშირებს, 600 მეტრამდე სიგრძის, მაგრამ მათი სიმაღლე არასოდეს აღემატება ნახევარ მეტრს.

უმეტესი მათგანი დანგრეულია, მაგრამ მაინც გაირჩევა, როგორ ქმნის ორი მოკლე ბოლოდან ერთი შესასვლელს, მეორე კი მოიცავს სხვადასხვა ზომის კამერებს. უცნობია, რისთვის გამოიყენებოდა ეს კამერები, მაგრამ უცნაურია, რომ მათ გარშემო იარაღები არსად არის აღმოჩენილი.

არქეოლოგთა აზრით, მახასიათებლები მიუთითებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი გამოსადეგი არ უნდა ყოფილიყო. მაგალითად, დაბალი კედლებისა და სახურავის არარსებობის გამო, გამოუსადეგარი უნდა ყოფილიყო პირუტყვის სადგომად ან სათავსოებად.

ზოგჯერ ისინი ასევე მოიცავს აღმართულ, დეკორირებულ ქვის ფილებს, ასევე მიმოფანტულია ცხოველთა ძვლები. რამდენიმე მუსტატილს აქვს გრძელი ეზო, რაც საპროცესიო ელემენტზე მიუთითებს.

2019 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსა დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის არქეოლოგი მელისა კენედი ხელმძღვანელობდა, 140 მეტრის სიგრძის ქვიშაქვის მუსტატილი, სახელად IDIHA-F-0011081 გათხარა ოაზის ალ-ულას სიახლოვეს; შეაგროვეს მასალების ფრაგმენტები და აღწერეს მონუმენტის სხვადასხვა მახასიათებელი.

მუსტატილის სათავეში, ანუ მოკლე დაბოლოებაზე, სადაც კამერებია, მათ აღმართული ქვის ფილებიანი სივრცე აღმოაჩინეს. ასევე შეაგროვეს ცხოველთა ძვლების, კბილების და რქების 260 ფრაგმენტი, რომლებიც ძირითადად ქვის ფილების ირგვლივ იყო მიმოფანტული.

მოხერხდა ამ ფრაგმენტებიდან 246-ის იდენტიფიცირება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ძვლების ნამსხვრევები მხოლოდ ცხოველის თავის ქალებს ეკუთვნოდა, ძირითადად თხების, გაზელების, პატარა მცოხნავების და შინაური პირუტყვის.

ზოგიერთს ჭრილობის ნიშნები აქვს, ზოგსაც წვის.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვის ფილა წარმოადგენდა ე. წ. ბაითილს — წმინდა ქვას, რომელიც ღმერთს ან ღმერთებს განასახიერებდა ამ რეგიონში ათასობით წლის წინ მცხოვრები ხალხისთვის; ცხოველთა თავები კი მათთვის მირთმეული სარიტუალო ძღვენია.

აღმართული ქვები ყველა მუსტატილთან არ გვხვდება, მაგრამ სადაც გვხვდება, საკმარისია, რათა მათი მნიშვნელობა გამოიკვეთოს.

„ვვარაუდობთ, რომ მუსტატილ IDIHA-F-0011081-ის აღმართული ქვები (ბაითილი) შეიძლება შუამავლის როლს ასრულებდა ადამიანსა და ღვთაებას შორის, განასახიერებდა ჩვენთვის უცნობ ნეოლითურ ღვთაებას ან რელიგიურ იდეას, რომელსაც ცხოველებს უძღვნიდნენ“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, დაკლული ცხოველების რაოდენობიდან და სიძველიდან, ასევე თავის ქალების ნაწილებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მუსტატილი IDIHA-F-0011081 რაღაც სარიტუალო ნადიმში იყო ჩართული.

რადიონახშირბადული დათარიღება სხვადასხვა ასაკზე მიუთითებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ძეგლი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა, დაახლოებოთ ძვ. წ. 5307-5002, და 5056-4755 წლებს შორის.

კიდევ ერთი საინტერესო მინიშნება მიუთითებს, რომ მონუმენტს მართლაც უძველესი საზოგადოება იყენებდა: პატარა, მართკუთხა ქვის კამერა, რომელშიც მკვლევრებმა ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს, მუსტატილის თავის გვერდით, იქ, სადაც ბაითილის კამერაა განთავსებული. ეს გახლავთ უჯრისებრი კამერა — პატარა, უძველესი სამარხი კამერა, რომლიც დაუმუშავებელი ქვიშაქვის ფილებისგანაა მოწყობილი. დროთა განმავლობაში ის ჩანგრეულია, მაგრამ ჯერ კიდევ შეიცავს ადამიანის დამსხვერულ ძვლებს.

დრომ ამ ძვლებს თავის დაღი დაასვა, მაგრამ კენედიმ და მისმა ჯგუფმა მაინც შეძლეს იმის დადგენა, რომ ნეშტი ეკუთვნის ზრდასრულ მამაკაცს, რომელსაც სავარაუდოდ, ოსტეოართრიტი აწუხებდა. უცნობია, ვინ იყო ან რატომ დამარხეს მუსტატილთან, მაგრამ ამ სამარხის შესახებ არის კიდევ ერთი უცნაური რაღაცაც.

თავად მუსტატილი ქვიშაქვის კანიონში შედარებით დამალული იყო, მაგრამ ადამიანის ნაშთები ცხოველთა ნაშთებისგან რამდენიმე ასწლეულის შემდეგ იყო დეპონირებული. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას შემდეგაც კი, რაც უკვე აღარ გამოიყენებოდა, ძეგლი დიდი ხნის განმავლობაში მაინც ინარჩუნებდა მნიშვნელობას. სავარაუდოდ, შეიძლება პილიგრიმული ძეგლიც იყო ან სულ მცირე მოსანახულებელი ნიში მაინც.

კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.