აქციის მონაწილეები ამ დროისთვის 9 აპრილისა და ზუბალაშვილების ქუჩებზე იმყოფებიან [ფოტო]
აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დროისთვის რუსთაველის გამზირისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ნაწილი ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთასთან იმყოფება. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც.
სამართალდამცველები ნელი სვლით, ცოცხალი ჯაჭვით დაიძრნენ პარლამენტის უკანა შესასვლელის მხრიდან 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს და 9 აპრილის ქუჩით რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდნენ.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან კვლავ რჩებოდა მომიტინგეთა ნაწილი. სამართალდამცველები ასევე ცოცხალი ჯაჭვით დაიძრნენ პარლამენტის უკანა შესასვლელის მხრიდან ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩების კვეთისკენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს უკან დახევა მოუხდათ.
ადგილზე მოხდა რამდენიმე ინციდენტიც. აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდა. ისმოდა შეძახილები, უცენზურო და შეურაცხმყოფელი შეძახილები სამართალდამცველების მისამართით. დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი სხვა მონაწილეებს მოუწოდებდა, არ ესროლათ სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთი.
ამ დროისთვის პარლამენტის უკანა შესასვლელი თავისუფალია.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან 12 მაისს, 22:00 საათიდან შეიკრიბნენ და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი პარლამენტის წინ, ნაწილი პარლამენტის შენობის უკან, ხოლო ნაწილი გვერდითა ქუჩებზე იმყოფებოდა. გამთენიისას სიტყვით გამომსვლელებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, ყველას პარლამენტის უკან გადაენაცვლა. ამასთან, გამთენიისას განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის მიეცათ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. დილის 06:00 საათისთვის ადგილზე სამართალდამცველები გამოჩნდნენ, რომლებმაც პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართეს, რომ ისინი ბლოკავდნენ პარლამენტის შესასვლელს და მოუწოდეს, გადაენაცვლათ პარლამენტის შენობის წინ, რის შემდეგაც სამართალდამცველები პარლამენტის უკანა შესასვლელის მხრიდან ნელი სვლით ორი მიმართულებით დაიძრნენ. შედეგად, აქციის მონაწილეებს პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებისკენ უკან დახევა მოუწიათ.