AP - კომპანია Amtrak-ის მატარებლის ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა
სამგზავრო ჩქაროსნულმა მატარებელმა, რომელიც ვაშინგტონის შტატში ლიანდაგებიდან გადავიდა, დაშვებულ სიჩქარეს თითქმის სამჯერ გადააჭარბა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რკინიგზის მონაკვეთზე, სადაც დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე საათში 48 კილომეტრია, მატარებელი საათში 129 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა.
სარკინიგზო ავარია ქალაქ ტაკომას სამხრეთით მოხდა. კომპანია Amtrak-ის მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, ხიდიდან გადავარდა და სარკინიგზო მაგისტრალს დაეცა. დაიღუპა სამი ადამიანი, ათობით კი დაშავდა.
სარკინიგზო შემადგენლობამ დღეს პირველად გაიარა ახალ ხაზზე, რომლის მშენებლობაც 180 მილიონი დოლარი დაჯდა.