ანზორ ბიწაძე - მაქსიმუმს გავაკეთებ პარტიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, დღეს დადგა დრო, როდესაც ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია
დღეს ჩვენს საზოგადოებას სჭირდება გაერთიანება, კონსოლიდაცია, რომ ქვეყანა წავიდეს წინ, – ეს განცხადება „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ პარტიის რიგგარეშე ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ნინო ბურჯანაძის უფროსი ვაჟი ანზორ ბიწაძე პოლიტიკური საბჭოს წევრად ყრილობაზე დღეს არჩიეს. როგორც ანზორ ბიწაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ამიერიდან პოლიტიკაში უფრო აქტიურად იმუშავებს.
„მაქსიმუმს გავაკეთებ პარტიულ ცხოვრებაშიც, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. დღეს დადგა დრო, როდესაც ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია. დღეს უნდა გავამხნევოთ ჩვენი მხარდამჭერები. გამარჯვება დაიწყო დღეს“, – აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, განახლებულ პოლიტსაბჭოში ბევრი ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი კადრი მოხვდა.
„ამ ახალგაზრდების ენერგიითა და პარტიის სხვა უფრო გამოცდილი წევრების მეშვეობით უნდა შეიქმნას ის ენერგია, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს 2020 წლის არჩევნებამდე პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა დაინახავს ხელისუფლების ალტერნატივად“- აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.