ანზორ ბიწაძე - ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გეგმა არ აქვს, რადგან კონცენტრირებული ვართ რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე
ანზორ ბიწაძე - ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გეგმა არ აქვს, რადგან კონცენტრირებული ვართ რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე

„ერთიანი საქართველოს“ წევრის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილობრივ არჩევნებზე ახლა საუბარი ძალიან არაადეკვატურია.

მისივე თქმით, ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს, რადგან კონცენტრირებული არიან „რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და მიმდინარე კრიზისზე“.

„დიდი საიდუმლო არ არის, რომ ოპოზიციაში განიხილება ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი, თუმცა ეს მხოლოდ განხილვის ეტაპზეა და ამ წუთში ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, რამდენჯერმე ითქვა გარკვეული პერიოდის უკან.

ზოგადად, „ქართული ოცნების“ მხრიდან ახლა ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ძალიან არაადეკვატურად მეჩვენება. მაშინ, როდესაც ველოდებით დანიელსონის ვიზიტს საქართველოში და საუბარია 6-პუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოგლეჯილია. ჯერჯერობით, ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს, რადგან ჩვენ კონცენტრირებული ვართ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და მიმდინარე კრიზისზე“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხს, ბიწაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებები ოპოზიციის მოთხოვნების ნახევარსაც არ ასახავს.

„ეს კოდექსის მხრივ, რომ არაფერი ვთქვათ საკონსტიტუციო რეფორმაზე და რიგგარეშე არჩევნებზე. ასე რომ, პარალელური რეალობა აქვს შექმნილი „ქართულ ოცნებას“ ორივე მიმართულებით, მას არაფერი აქვს საერთო კრიზისის განმუხტვასთან“, – აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. სოზარ სუბარის განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.