ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ პანდემიის დროს თუ არჩევნები ჩატარდა, მაშინ აქციებიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია
ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ პანდემიის დროს თუ არჩევნები ჩატარდა, მაშინ აქციებიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია

ხუთი დღის წინ ხალხი არჩევნებზე გამოიყვანეს 3 800 უბანზე, ორი მილიონი კაცის გამოყვანა შეიძლება და ათეულობით ათასის არა, – ასე უპასუხა„ერთიანი საქართველოს“ წევრმა, ანზორ ბიწაძემ ჟურნალისტის კითხვას რამდენად მიზანშეწონილია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატების ფონზე აქციებისკენ მოწოდება.

როგორც ბიწაძემ აღნიშნა, პანდემიის ფონზე არც საპარლამენტო არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო.

„ჩვენ ვართ პირველი პარტია, რომელმაც ხელისუფლებას ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში შესთავაზა, თუკი პანდემიის გამწვავება იყო მოსალოდნელი, გადაედო არჩევნები. ივანიშვილს სურდა, დროზე გადაეგორებინა ეს არჩევნები, რადგან იციან, რომ გაზაფხულზე კიდევ უფრო დავარდნილი ექნებოდათ რეიტინგი. ხუთი დღის წინ ხალხი არჩევნებზე გამოიყვანეს 3 800 უბანზე, ორი მილიონი კაცის გამოყვანა შეიძლება და ათეულობით ათასის არა? რადგან ჩატარდა არჩევნები და რადგან ჩატარდა პოლიტიკური პროცესები, მაშინ აქციებიც პოლიტიკური პროცესის ნაწილია. თუ პანდემია ადარდებდა ხელისუფლებას, მაშინ უნდა გადაედო არჩევნები. რატომაც არ გადადეს, ეს ნათელია“, – განაცხადა ბიწაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გამოიყვანა ორი მილიონი კაცი ქუჩაში ხმის მისაცემად, უნდოდა დროზე მოელია არჩევნები, რადგან ეს პოლიტიკური პროცესი დაიწყეს, საპროტესტო აქციებიც გაყალბებული არჩევნების თანმდევი პროცესია.

„ამ გაღმა შეედავე გამოღმა შეგრჩებას ლოგიკას ვერ ცდება ვოლსკის ინტელექტი. ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება. არჩევნებსა და აქციას ადარებთ ერთმანეთს? სადაც მივეცი ხმა, არც ერთი რეგულაცია არ იყო დაცული. ხელისუფლებამ ორი მილიონი ადამიანი გამოიყვანა არჩევნებზე და მერე გადაახია თავზე ეს არჩევანი. ძალინ დიდი ბოდიში ორ ასაკოვან ბებია-ბაბუსთან ერთად ვცხოვრობ სახლში, გვერდიგვერდ ოთახში, ახლა ნურავინ მეტყვის, რომ ვოლსკის უფრო უყვარს სამშობლო, ვიდრე მე, ჩემი ბებია და ბაბუა, მაგრამ დავდივარ აქციაზე, რადგან თავმოყვარეობა მაქვს“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.