ანტონიუ გუტერეში - „შემოწირულობა" მარცვლეულის შეთანხმების დასრულების უარყოფით გავლენებს ვერ გამოასწორებს
ანტონიუ გუტერეში - „შემოწირულობა" მარცვლეულის შეთანხმების დასრულების უარყოფით გავლენებს ვერ გამოასწორებს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, „შემოწირულობა” ვერ გამოასწორებს მარცვლეულის შეთანხმების დასრულების უარყოფით გავლენებს. ამით გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი მზად არის, აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს უახლოეს სამ-ოთხ თვეში მარცვლეული უსასყიდლოდ გაუგზავნოს.

„მილიონობით და მილიონობით ტონა მარცვლეულის ბაზრიდან გატანისას, ცხადია, რომ ეკონომიკური ზარალის საფუძველზე, ეს გამოიწვევს უფრო მაღალ ფასებს, ვიდრე ის, რაც იქნება უკრაინული მარცვლეულის ნორმალური წვდომით საერთაშორისო ბაზარზე. ფასების ამ ზრდის გადახდა მოუწევს ყველას ყველგან, და კერძოდ, განვითარებად ქვეყნებს და საშუალო შემოსავლის მქონე და თუნდაც განვითარებული ქვეყნების სოციალურად დაუცველ ხალხს“, – აღნიშნა გუტერეშმა.

მისივე თქმით, გაერო ყველა ღონეს ხმარობს, რომ გარანტირებული იყოს როგორც უკრაინული, ისე რუსული საკვები და სასუქები გლობალურ ბაზრებზე.