ანტონიო გუტიერეში - ეროვნული სუვერენიტეტი არ შეიძლება იყოს საბაბი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის
ანტონიო გუტიერეში - ეროვნული სუვერენიტეტი არ შეიძლება იყოს საბაბი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის

ეროვნული სუვერენიტეტი არ შეიძლება იყოს საბაბი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანტონიო გუტიერეშის თქმით, ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ადამიანის ძალისხმევამ ყველა კონტინენტზე ადამიანის უფლებების სფეროში უზარმაზარი შედეგი მოიტანა, თუმცა ადამიანის უფლებები დღეს მზარდი გამოწვევების წინაშეა.

„ადამიანის უფლებები არის ადამიანის ღირსების და ღირებულების საკითხი. ისინი აფართოებენ იმედის ჰორიზონტებს, აფართოებენ შესაძლებლობის საზღვრებს და ხსნიან ჩვენი და ჩვენი მსოფლიოს საუკეთესო მხარეებს. ადამიანის უფლებები არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი, რაც ეხმარება საზოგადოებებს გაიზარდონ თავისუფლების პირობებში, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანასწორობა ქალებისთვის და გოგონებისთვის, მდგრადი განვითარებისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი, შემცირდეს ადამიანური ტანჯვა და აშენდეს სამართლიანი მსოფლიო. ათწლეულების განმავლობაში, ბევრი ადამიანის ძალისხმევამ ყველა კონტინენტზე ადამიანის უფლებების სფეროში უზარმაზარი შედეგი მოიტანა. გადაილახა კოლონიალური მმართველობა და აპართეიდი. დიქტატურები დაემხო, დემოკრატიები გავრცელდა. მნიშვნელოვანმა ხელშეკრულებებმა დაფარა სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებები. შეიქმნა ხელშეკრულებებზე დაფუძნებული სისტემა, სპეციალურ პროცედურებთან და ანგარიშვალდებულ მექანიზმებთან ერთად. მაგრამ დღეს ადამიანის უფლებები მზარდი გამოწვევების წინაშე დგას. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული. ჩვენ ვხედავთ ომისგან განადგურებულ ანკლავებში ჩარჩენილ მოქალაქეებს, რომლებსაც შიათ და ბომბავენ საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით. ადამიანების ტრეფიკინგი აზიანებს მსოფლიოს ყველა რეგიონს, არის დაუცველობის და სასოწარკვეთის საფუძველი.

ზოგიერთი ლიდერი იყენებს შიშებს, რომ გააფართოვოს ეს ნაპრალები მაქსიმალურად. გაჩნდა მცდარი პოლიტიკური არითმეტიკა: დაყავი ხალხი ხმების გამრავლებისთვის. კანონის უზენაესობა ინგრევა. ამ დაძაბულობების და გამოცდების წინაშე არის პასუხი: ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებები არის ნებისმიერი ადამიანის თანდაყოლილი უფლება და არის ყველა ქვეყნის ინტერესებში. ისინი უზრუნველყოფენ სტაბილურობას, აშენებენ სოლიდარობას, ხელს უწყობენ ჩართულობას და ზრდას. ისინი არასდროს უნდა იყვნენ ორმაგი სტანდარტების და ფარული მიზნების მიღწევის საშუალებები. სუვერენიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია, მაგრამ ეროვნული სუვერენიტეტი არ შეიძლება იყოს საბაბი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.