ანტონიო გუტერეში - შეძრწუნებული ვარ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმით
შეძრწუნებული ვარ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს წინ სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმით, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
ამასთან, გუტერეშმა აღნიშნა, რომ არ დავიწყებია „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე და მათ ღაზაში მყოფი მძევლების უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, ღაზის სექტორში ვითარება საკმაოდ მძიმეა.
„ახლა, თითქმის ერთი თვის განმავლობაში ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და ქალები, ალყაში მოექცნენ, მათ უარი უთხრეს დახმარებაზე. არ მიეწოდებათ საკმარისი საკვები, წყალი და მედიკამენტები, საავადმყოფოებისა და წყლის ქარხნების ელექტროენერგიის საწვავი იწურება“, – აღნიშნა გუტერეშმა.
ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმა გუშინ მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა აიღო.