ანტონიო გუტერეში - ასობით მილიონი ადამიანი შიმშილის წინაშეა და საცხოვრებელი ხარჯების გლობალურ კრიზისს უმკლავდება, „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ რუსეთის გადაწყვეტილება გაჭირვებულ ადამიანებზე აისახება
ანტონიო გუტერეში - ასობით მილიონი ადამიანი შიმშილის წინაშეა და საცხოვრებელი ხარჯების გლობალურ კრიზისს უმკლავდება, „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ რუსეთის გადაწყვეტილება გაჭირვებულ ადამიანებზე აისახება

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლით, ასევე, შეჩერდება შეთანხმება, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნას ითვალისწინებდა.

როგორც გუტერეშმა ნიუ იორკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წუხილს გამოთქვამს რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლის გამო. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებელად გამოიწვევს ადამიანების ტანჯვას.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა იმ წერილზე, რომელიც მან რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა და რომელშიც, მისივე განცხადებით, დასახელებული იყო ახალი წინადადებები, რომელთა განხორციელებასაც გაერო სთავაზობდა რუსეთს, რათა რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებები მოხსნილიყო. გაერო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ წინადადებებს შორის იყო რუსული ბანკის, „როსსელხოზბანკის“ საერთაშორისო საგადახდო სისტემა „სვიფტში“ დაბრუნება და სხვა ზომებიც.

„ღრმად ვარ დამწუხრებული, რომ ჩემი შეთავაზებები უყურადღებოდ დარჩა. რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება აისახება გაჭირვებულ ადამიანებზე ყველგან, მაგრამ ჩვენ არ შევწყვეტთ ძალისხმევას, რათა გლობალურ ბაზრებზე უზრუნველყოფილი იყოს საკვები პროდუქტებისა და სასუქების დაუბრკოლებელი მიწოდება როგორც უკრაინიდან, ისე რუსეთის ფედერაციიდან“, – განაცხადა გუტერეშმა.

გუტერეშის თქმით, განსაკუთრებულ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას „მარცვეულის შეთანხმების“ განხორციელებაში გაწეული ძალისხმევისთვის.

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ გამოსავლის გზების ძიებას. ძალიან ბევრი დევს ფსონზე შიმშილითა და გაჭირვებით აღსავსე სამყაროში“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ ასობით მილიონი ადამიანი შიმშილის წინაშეა და საცხოვრებელი ხარჯების გლობალურ კრიზისს უმკლავდება.