ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის ინფორმაციით, იოსებ გოგაშვილის ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესი იმერეთსა და კახეთშიც მიმდინარეობს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო ცენტრალური სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით მშვილდაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოსამართლის განჩინების გაცნობა ნივთების მფლობელ პირთათვის და ნივთების ამოღება.
„ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რაც შეეხება უკანონო ქონების ლეგალიზაციას. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას. ესენია საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, ავტოტექნიკა, მოტოტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღები და და ასე შემდეგ. ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული მოსამართლის განჩინების გაცნობა ნივთების მფლობელ პირთათვის და ნივთების ამოღება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-მუხლის მეშვიდე ნაწილით. აღნიშნულ მუხლში წერია, რომ დაყადაღებული ნივთები ამოღებული უნდა იქნეს, გარდა უძრავი და დიდგაბარიტიანი ნივთებისა აღნიშნული მოქმედებები მიმდინარეობს როგორც იმერეთში, ასევე კახეთში. დამატებით ინფორმაციას ამოღებული ნივთების რაოდენობებისა და დაყადაღებული ქონების შესახებ მოგაწვდით ჩვენი სამსახური“, – განაცხადა დავით მშვილდაძემ.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს დღეს დილიდან ახორციელებენ.