ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარი“ მხოლოდ მის „ფრჩხილებს“ უჭირავს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ანტარქტიდის ყინულის მასა, რომელსაც „აპოკალიფსის მყინვარს“ უწოდებენ, იმაზე გაცილებით სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი და ის მხოლოდ „ფრჩხილებს უჭირავს“. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ტუეიტსის მყინვარი დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომისაა და მისმა გადნობამ ზღვის დონე შეიძლება 60 სანტიმეტრამდე აწიოს.
ამ მიზეზის გარდა, საზარელი მეტსახელი მას იმის გამოც უწოდეს, რომ ეს მყინვარი ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს თბილ ზღვებსა და გაცილებით უფრო დიდ დასავლეთ ანტარქტიკულ ყინულოვან ფარს შორის.
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, გასულ საუკუნეებში ტუეიტსის მყინვარი იმაზე გაცილებით სწრაფად დნებოდა, ვიდრე დღეს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი სწრაფი ტემპით უკანდახევა შეიძლება მომავალშიც მოხდეს.
კვლევისათვის მეცნიერებმა გამოიყენეს წყალქვეშა დრონები, რომლებმაც პირველ რიგში, მყინვარის ქვეშ ზღვის ფსკერი შეისწავლეს.
მათ მიერ დაფიქსირებული ქედები „ნაფეხურებივით“ არის და აჩვენებს, სად იყო წარსულში მოთავსებული მყინვარის საძირკველი.
მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ გასული 200 წლის განმავლობაში, გარკვეულ მომენტში ის ორჯერ უფრო სწრაფად დნებოდა, ვიდრე დღეს.
„ტუეიტსი დღეს ნამდვილად მის „ფრჩხილებს“ უჭირავს და მომავალში, ძალიან მცირე დროში უნდა ველოდეთ დიდ ცვლილებებს, მას შემდეგ, რაც მყინვარის უკანდახევა გასცდება მისი საძირკვლის თავთხელ ქედს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამის გეოფიზიკოსი რობერტ ლარტერი.
კვლევის კიდევ ერთი ავტორის, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსის, ალსტაირ გრეჰემის განცხადებით, ტუეიტსზე მომხდარ სულ მცირე ბიძგმა შეიძლება დიდი საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს.
ტუეიტსის დნობის მაჩვენებელი თანამგზავრული ვიზუალიზაციით არის დადგენილი.
2020 წელს, თანამგზავრული მონაცემებით კვლევისას დადგინდა, რომ ტუეიტსი და მისი მეზობელი, კუნძულ პაინის მყინვარი იმაზე გაცილებით სწრაფად იშლებიან, ვიდრე გვეგონა.
ტუეიტსს ნაწილობრივ იცავდა შელფური მყინვარი, რომლის მდგომარეობაც სწრაფად უარესდება. გასული წლის დეკემბერში, მეცნიერებმა დადეს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ეს შელფი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დადნება.
კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.