ანტარქტიდას თბილისზე ორჯერ დიდი აისბერგი მოწყდა — #1tvმეცნიერება
ანტარქტიდას თბილისზე ორჯერ დიდი აისბერგი მოწყდა — #1tvმეცნიერება

კვლევითი სადგურის სიახლოვეს, ანტარქტიდის ყინულის საფარს ლონდონზე დიდი ზომის აისბერგი მოსწყდა; ბოლო ორ წელიწადში, ეს მეორე ასეთი შემთხვევაა.

ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამაში (BAS) აცხადებენ, რომ ახალი აისბერგის წარმოქმნა ბუნებრივი პროცესია და არ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, რომელიც არქტიკასა და ანტარქტიკის ნაწილში ზღვის ყინულის დნობას აჩქარებს.

1550 კვადრატული კილომეტრის ფართობის აისბერგი 150 მეტრის სისქის ბრანტის შელფურ მყინვარს მოსწყდა; მასიური ნაპრალები ამ მყინვარში მეცნიერებმა პირველად ათი წლის წინ შენიშნეს.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ამავე მყინვარს 1270 კვადრატული კილომეტრის ფართობის აისბერგი მოსწყდა.

„აისბერგის მოწყვეტა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ, ეს ბრანტის შელფური მყინვარის ბუნებრივი ქცევაა. კლიმატის ცვლილებასთან კავშირში არაა“, — ამბობს გლაციოლოგი დომინიკ ჰოჯსონი.

ბრიტანეთის კვლევითი სადგური ჰალი VI მოტივტივე შელფური მყინვარის მდგომარეობას ყოველდღიურად აკვირდება. მყინვარზე გაჩენილი ნაპრალების გამო, 2016-2017 წლებში სადგური უფრო შიგნით, უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.