ანტარქტიდას მოწყვეტილი გიგანტური აისბერგი იშლება - მეცნიერთა საგანგაშო პროგნოზი
როდესაც ანტარქტიდის სწრაფად დნობადი მყინვარი საბოლოოდ ყრის ფარ-ხმალს და ოკეანეში ცურდება, შედეგები სანახავად შეიძლება ძალიან დრამატული იყოს, მაგრამ ამავე დროს საშინელი, განმარტავენ მეცნიერები.
სულ ახლახან, მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ახალი ანიმაცია, რომელიც ასახავს დასავლეთ ანტარქტიდაზე მიმდინარე ვრცელი ასიბერგის დაშლის პროცესს.
აისბერგი ზომით მანჰეტენზე ოთხჯერ დიდია. კუნძულ პაინის მყინვარს იგი ორი თვის წინ მოსწყდა და იმ დროიდან მოყოლებული, პატარა ფრაგმენტებად ქუცმაცდება.
267 კვადრატული კილომეტრის ზომის აისბერგი დასავლეთ ანტარქტიდაზე მყინვარს სექტემბერის ბოლოს მოსწყდა და როგორც მაშინ ვარაუდობდნენ, ჯერ საკმაოდ შორს უნდა შეცურებულიყო ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, შემდეგ კი დაშლა დაეწყო.
თუმცა ასე არ მოხდა. არამდგრადი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი დააბრკოლა ზღვის ყინულის სქელმა ფენამ, რამაც საბოლოოდ განაპირობა მისი დაქუცმაცება მყინვარისგან მოწყვეტის ადგილიდან სულ რამდენიმე კილომეტრში.
როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრ Copernicus Sentinel-1-ის მონაცემებით შედგენილ ანიმაციაზე ჩანს, 26 სექტემბრის შემდეგ, აისბერგი სხვადასხვა ზომის ნატეხებად დაიშალა.
მეცნიერთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავად დაქუცმაცების პროცესი შეიძლება შეუმჩნეველი იყო, ასე არ მოხდა აისბერგის მყინვარისგან მოწყვეტის შემთხვევაში, რაც შეიძლება დნობის პროცესის ახალი, საგანგაშო პრეცედენტის სიგნალი იყოს.
„ის, რისი მომსწრენიც კუნძულ პაინის მყინვარზე გავხდით, შემაშფოთებელია“, — აღნიშნავს ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის საზღვაო გეოფიზიკოსი რობერტ ლარტერი.
„ამჯერად უკვე აშკარაა ცვლილებები ყინულის შელფის მოწყვეტის ქცევაში. 68 წლის განმავლობაში, გადნობა და კვლავ გაყინვა სრულდებოდა ერთი დიდი აისბერგის მოწყვეტით, რომელიც თითქმის იგივე ადგილის წინ რჩებოდა“.
მეცნიერები შიშობენ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სტრუქტურული არასტაბილურობის ახალი ეპოქის დასაწყისი იყოს.
„ყველაზე საინტერესო და ამავე დროს შემაშფოთებელია ხაზები, რომლის გასწვრივაც აისბერგი მოსწყდა. თავდაპირველად, ყინულის შელფში ვითარდება ღრიჭოები, რასაც მოსდევს ხაზი, საბოლოოდ კი მოწყვეტა“, — ამბობს ლარტერი.
„ქცევის ცვლილება შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ყინულის შელფში არსებულ ნაპრალებს მზარდი გავლენა აქვს სივრცის გამოთავისუფლებასა და აისბერგის მოწყვეტის მახასიათებელზე. ეს ყველფერი კი იმ გათხელების შედეგია, რასაც ადგილი ჰქონდა გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში“.
მოწყვეტის ეს ხელწერა — თუ ეს ასეა — შეიძლება კუნძულ პაინის მყინვარის შემაშფოთებელი ტენდენციის წინასწარმსწრები იყოს. ამ მყინვარზე მოდის ანტარქტიდის ყინულის დანაკარგების დაახლოებით მეოთხედი, სადღაც 40 მილიარდი ტონა ყინული ყოველწლიურად.
ეს კი ნიშნავს ზღვის დონის 1 მილიმეტრით მატებას ყოველ რვა წელიწადში, რაც შეიძლება არც თუ ისე საგანგაშოდ ჩანდეს, მაგრამ თუკი პაინის კუნძულის მთლიანი მყინვარი გადნება, ზღვის გლობალური დონე 50 სანტიმეტრით აიწევს.
რა თქმა უნდა, არავის შეუძლია თქვას, რომ მსგავსი კატასტროფა სწორედ ახლა მიმდინარეობს, მაგრამ მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აისბერგთა მოწყვეტის ქცევის ახალი ნიშნები საიმედო პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
„ვპროგნოზირებდით, რომ დაბზარვას საბოლოოდ მოჰყვებოდა უფრო ხშირი მოწყვეტა; სწორედ ეს ხდება ახლა“, — უთხრა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლაციოლოგმა იან ჰოუატმა The Washington Post-ს სექტემბერში, როცა აისბერგი მოსწყდა.
„თუკი ახალი ბზარები შიდა მიმართულებით გაგრძელდება, ყინულის შელფის უკან დახევა თვალშისაცემი გახდება“.
მარტში, ამ აისბერგის მოწყვეტის ადგილას, შიდა მიმართულებით გადაჭიმული 3-კილომეტრიანი სხვა ნაპრალებიც დააფიქსირეს.
შეიძლება ისინი მართლაც უმნიშვნელოა, მაგრამ თუ ასე არ აღმოჩნდა, ეს ნაპრალები შესაძლოა წარმოადგენდეს სამომავლო ყინულის შელფის კონტურებს.
„არ გვაქვს ახალი მომაცემები, რათა შევამოწმოთ მისი ამჟამინდელი სტატუსი“, — უთხრა ჰოუატმა The Washington Post-ს.
„თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე, უნდა ველოდოთ კიდევ ერთი აისბერგის მოწყვეტას“.
მომზადებულია The Washington Post-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით