ანტარქტიდაზე, ბრანტის შელფურ მყინვარზე ნაპრალები იზრდება და რეგიონს მალე უზარმაზარი აისბერგი მოსწყდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ამ ზონაში განთავსებულ სამეცნიერო ინფრასტრუქტურას ან იქ მყოფ მეცნიერებს. კვლევითი სადგურები იქ 1950-იან წლებში დაარსდა.
ბრანტის შელფური მყინვარი მდებარეობს კოტსის მიწაზე, უედელის ზღვის სანაპიროზე. როგორც იქ წარმოქმნილი ნაპრალები მიუთითებს, მყინვარს მალე გიგანტური აისბერგი მოსწყდება, ქალაქ ნიუ-იორკზე დაახლოებით ორჯერ დიდი. ერთ-ერთ ბზარს ჰელოუინის ნაპრალს უწოდებენ, რადგან პირველად ის 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდა.
ჰელოუინის ნაპრალი და მომავალი აისბერგი ანტარქტიდის უფრო დიდი და სევდიანი ამბის ნაწილია.
1956 წელს, ბრანტის შელფურ მყინვარზე ბრიტანეთმა ჰალის კვლევითი სადგური დააარსა. მიზანი დედამიწის ატმოსფეროს შესწავლა იყო და მართლაც, 1985 წელს, ჰალიზე მომუშავე მეცნიერებმა ოზონის ხვრელი აღმოაჩინეს. დაარსების შემდეგ, სადგურს ადგილი რამდენჯერმე შეუცვალეს, რადგან ყინულზე გაჩენილი ნაპრალები მისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
სულ ბოლოს, სადგურს ადგილი 2017 წელს შეუცვალეს, რადგან საოცრად გაიზარდა ნაპრალები იმ ყინულზე, რომელზეც ის იყო განთავსებული.
თუმცა ამჟამად, უფსკრული 1 უფრო და უფრო სწრაფად იზრდება და ჰალის კვლევით სადგურს არც თუ ისე სახარბიელო მომავალს უქადის. დაახლოებით 35 წლის განმავლობაში ეს უფსკრული სტაბილური იყო, მაგამ ბოლო დროს ასწრაფდა და წელიწადში 4 კილომეტრით იზრდება. უცნობია, სად შეხვდებიან ერთმანეთს უფსკრული 1 და ჰელოუინის ნაპრალი, მაგრამ როცა ეს მოხდება, გამოიწვევს მთელი შელფური მყინვარის დესტაბილიზაციას.
ამ ყინულოვან დრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მაკდონალდის ყინულის ამოზნექილობებიც. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა ყინული კლდოვან ფორმაციებზე მიედინება, სადაც საძირკვლის ქანები მაღლაა აწეული და მყინვარული საფარის ქვედა ნაწილთან ურთიერთქმედებს. საძირკვლის ქანები ხელს უშლის ყინულის დინებას და წარმოქმნის ნაპრალებს, უფსკრულებსა და წნევის ტალღებს. ყველა ეს ფაქტორი ხელს უშლის შელფური მყინვარის სტაბილურობას.
ნასას გეოლოგის, ჯო მაკგრეგორის განცხადებით, ბრანტის შელფური მყინვარის ახლო მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად შეერწყმებიან ერთმანეთს არსებული ნაპრალები. თუკი ეს მაკდონალდის ყინულის ამოზნექილობების ზედა (სამხრეთ) ნაწილში მოხდება, შელფური მყინვარის დესტაბილიზაცია გარდაუვალია.
ეს იქნება უდიდესი აისბერგი, რაც კი ოდესმე მოსწყვეტია ბრანტის შელფურ მყინვარს, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ პროცესს ყურადღებას ვაქცევთ. მეცნიერები მას 1915 წლიდან აკვირდებიან. მართალია, შელფურ მყინვართათვის დნობა სულაც არაა უცხო მოვლენა, მაგრამ ცვლილებათა ასეთი დონე ამ რეგიონისთვის საკმაოდ უჩვულოა.
ნასას გლაციოლოგის, კრის შუმანის განცხადებით, დაზუსტებით ცნობილი არ არის, რა განპირობებს მყინვარული საფარის დნობისა და აღდგენის პერიოდებს.
აისბერგის ზომა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად შეხვდებიან ნაპრალები ერთმანეთს, მაგრამ ის დაახლოებით 1700 კვადრატული კილომეტრი იქნება. ანტარქტიკის სტანდარტებისთვის ეს ზომა გიგანტური არ არის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, აისბერგი უდიდესი იქნება ბრანტის შელფური მყინვარისთვის. მეცნიერები შიშობენ, რომ ეს მოვლენა მთლიანი საფარის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
ნაპრალების ზრდა კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ ორ ფოტოზე. ორივე მათგანი თანამგზავრიდან არის გადაღებული ერთი და იგივე რეგიონისთვის, 33-წლიანი შუალედით. ზედა ფოტო გადაღებულია 1986 წლის იანვარში, ქვედა კი 2019 წლის იანვარში.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.