ანსამბლი „ბასიანი“ აშშ-ში, საშემოდგომო ტურნეს ფარგლებში, ნოემბერში მიემგზავრება
ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 11-დან 20 ნოემბრამდე შეერთებულ შტატებს ეწვევა და კონცერტებს ნიუ იორკში, ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში გამართავს. გასტროლი საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
ანსამბლი შტატებში უკვე მეოთხედ გაემგზავრება, რა დროსაც ერთ-ერთ კონცერტს White Light festival-ის ფარგლებში, ნიუ იორკის ლინკოლნ ცენტრის სცენაზე გამართავს. ლინკოლნ ცენტრი აერთიანებს რამდენიმე საკონცერტო დარბაზს, რომელთა შორის არის ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ჯულიარდი და სხვა. ლინკოლნ ცენტრში ანსამბლი უკვე მეოთხედ მიიწვიეს.
„ბასიანის“ პირველი გამოსვლა ლინკოლნ ცენტრის Alice Tully Hall სცენაზე 2010 წლის აგვისტოში შედგა, როდესაც ცნობილი ფრანგი პიანისტის, პიერ-ლორან აიმარდის ინიციატივით ანსამბლი ნიუ იორკის Mostly Mozart Festival-ზე იქნა მიწვეული. აქ ქართული პოლიფონია, ერთი კონცერტის ფარგლებში, პირველად აჟღერდა ბახის, ლიგეტის და სხვა დასავლეთ ევროპელ კომპოზიტორთა შედევრებს შორის. ამ მოვლენას დიდი გამოხმაურება მოყვა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა New York Times და Wall Street Journal. მას შემდეგ ლინკოლნ ცენტრი მჭირდოდ თანამშრომლობს „ბასიანთან“ და პერიოდულად უთმობს მათ საკუთრ სცენას. 2019 წელი კი განსაკუთრებულია მათთვის, რადგან მთელი წლის მანძილზე გადაწყვეტილი აქვთ მიიწვიონ ის გამორჩეული მუსიკოს-შემსრულებლები, რომელთაც ბოლო ათი წლის მანძილზე ლინკოლნ ცენტრში კონცერტები გაუმართავთ. ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ ასეთ შემსრულებელთა რიგებში ანსამბლი „ბასიანიც“ მოიაზრება.
შეერთებულ შტატებში ტურნეს ფარგლებში ანსამბლი კონცერტებთან ერთად ვორქშოფებსაც გამართავს. აღსანიშნავია, რომ პრინსტონის უნივერსიტეტში ანსამბლს ელოდება 90-კაციანი გუნდი, რომელთაც „ბასიანი“ შეასწავლის ქართული ხალხური სიმღერის ორ ნიმუშს. ეს სიმღერები იმავე საღამოს კონცერტზე ერთობლივად შესრულდება.