ანრი ოხანაშვილი - ვინმეს თუ მიაჩნია, რომ არასწორი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, პარლამენტში მობრძანდნენ, კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ
ანრი ოხანაშვილი - ვინმეს თუ მიაჩნია, რომ არასწორი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, პარლამენტში მობრძანდნენ, კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ

ვინმეს თუ მიაჩნია, რომ არასწორი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდება, პარლამენტში მობრძანდნენ, კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მხრიდან ახალი კანონპროექტის კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაშია, საზოგადოების წინაშე გამოჩენა და არგუმენტებით საუბარი უჭირს, რის გამოც კანონპროექტს პარლამენტის გარეთ აკრიტიკებენ.

„თუ ვინმეს მიაჩნია, რომ არასწორი ცვლილებები მზადდება, მათთვის შესაბამისი შესაძლებლობა არსებობს, რომ პარლამენტში მობრძანდნენ, კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ. თუ დღეს, საქართველოში ვინმე ქვეყნის მტრის ინტერესებს ატარებს, ეს ის პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც თავს ესხმიან იმ ელჩებს, რომელთა ქვეყნებიც წლებია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან და დეოკუპაციას მხარს უჭერენ. თუ ვინმე რუსულ ინტერესს ატარებს, სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან. მესმის, რომ ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან უპრეცენდენტო რამ ხდება, რაც ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა. პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ ამბიცია პროდასავლურობაზე, ჩვენს პარტნიორებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ახარებენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს.

მესმის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან, საზოგადოების წინაშე გამოჩენა და არგუმენტებით საუბარი უჭირთ. თუ რაიმე კითხვები აქვთ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით, არსებობს ამისთვის საპარლამენტო ტრიბუნა, მოვიდნენ, დასვან შეკითხვები. რატომ აკრიტიკებენ ამ პროექტს გარედან და ვერ შემოდიან პარლამენტში? იმიტომ, რომ საზოგადოება იმ დებატებისას დაინახავს, რამდენად არ აქვთ არგუმენტები. ისინი გაურბიან არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ – საზოგადოებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.