ანრი ოხანაშვილი - უმრავლესობის დღევანდელი სხდომის ფარგლებში ვიმსჯელებთ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება საკითხის მოწესრიგების კუთხით
დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამთავრობო გეგმას სჭირდება მთავრობის მხრიდან ოფიციალური დამტკიცება, თუმცა ვიდრე დამტკიცდება, გარკვეული დრო არის აღებული პარტნიორებთან კონსულტაციებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საკითხები საბოლოოდ შეჯერდება, მთავრობის მიერ სამთავრობო გეგმა დამტკიცდება, რომელიც კონკრეტულ მიდგომებს მოიცავს.
„ინტენსიური სამუშაო გავწიეთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ ეს კანონპროექტი დავხვეწეთ და მაქსიმალურად მოვიყვანეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ამასთანავე, ვიცით, რომ, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, ეს პროექტი უფრო პერსონალურ მიდგომად არის მიჩნეული და მათი რეკომენდაცია იყო სისტემურ მიდგომაზე გაგვეკეთებინა სწორება, თუმცა ვენეციის კომისიას არ გამოურიცხავს პერსონალური მიდგომით საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება. საბოლოოდ მაინც ვენეციის კომისიის რჩევაა, რომ უკეთესი იქნებოდა, კანონის გზით არ მოწესრიგებულიყო ეს საკითხი. ამ რჩევებს ვითვალისწინებთ, ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია, კონსულტაცია გვაქვს და მთავრობამ დაიწყო მუშაობა დეოლიგარქიზაციის საკითხის სამთავრობო გეგმის სახით მოწესრიგებაზე. პარლამენტი მთავრობასთან კოორდინაციაშია. მთავრობის მიერ წარდგენილი სამთავრობო გეგმა ევროპასთან ინტეგრაციის კომისიამ მოიწონა.
ამ სამთავრობო გეგმას სჭირდება მთავრობის მხრიდან ოფიციალური დამტკიცება, თუმცა, ვიდრე დამტკიცდება, გარკვეული დრო არის აღებული პარტნიორებთან კონსულტაციებისთვის. საკითხების საბოლოო შეჯერების შემდეგ მთავრობის მიერ სამთავრობო გეგმა დამტკიცდება. ეს გეგმაა კონკრეტული მიდგომა, მაგალითად, შესყიდვებთან, კონკურენციის საკითხებთან და საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სადაც შემოთავაზებული იქნება გრძელვადიანი კონკრეტული საკითხები, რომლებიც შემდგომში საჭიროებს დარეგულირებას, დახვეწას ან დაზუსტებას. ჯერ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დამტკიცებული არ არის, პრაქტიკულად ბოლო ეტაპზეა, ამის შემდეგ მთავრობა, პარლამენტი და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელებენ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმასა და კანონპროექტზე იმსჯელებენ.
„პარალელურად, მეორე მოსმენით მიღებული გვაქვს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. დღეს კომიტეტს მესამე მოსმენით წარვუდგინეთ, ვინაიდან ეს საკითხიც საბოლოოდ სამსჯელო გახდეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომას შესაძლებლობას მივცემთ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ვიმსჯელოთ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, სამთავრობო გეგმა და კანონპროექტი კომპლექსურად განვიხილოთ და გადავწყვიტოთ, როგორი იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება ამ საკითხის მოწესრიგების კუთხით. დღეს უმრავლესობის სხდომის ფარგლებში ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, დღესვე გაჟღერდება, როგორი იქნება ჩვენი პოზიცია დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. იურიდიულად, სამთავრობო გეგმის პარლამენტში შემოტანა არ ხდება. სამთავრობო გეგმას მთავრობა დაამტკიცებს. ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები, მჭიდრო თანამშრომლობა და ეს გეგმა მთავრობის მიერ დამტკიცდება. პრაქტიკულად, ტექსტი გამზადებულია და საჯარო გახდება მას შემდეგ, რაც დამტკიცდება. პარალელურ რეჟიმში პლენარული სხდომისთვის ვაჩენთ სივრცეს კანონპროექტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობისთვის. ერთობლივად, კომპლექსურად შევაფასოთ და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.